понедельник, 14 июля 2014 г.

გზები


ქალაქში


მატარებელი დაიძრა. ფანჯარასთან ვიჯექი და ბებიას ვუყურებდი. ხელი დამიქნია და მიბრუნდა. ნელ-ნელა ჯერ მას ჩავუარეთ, მერე ჩვენს ეზოს, აღმართზე ჩვენი სახლი ჩანდა, სადაც ბებია უკვე მარტო იქნებოდა. მერე მატარებლის გაბმული საყვირი და სამყარო ფანჯრის იქეთ აჩქარდა. ყელში მომდგარი ბურთი ძვლივს გადავყლაპე, ერთ კვირაში ქალაქელი პირველკლასელი ვიქნებოდი. 



ნაყინზე წასვლა

დედაჩემის თბილ ხელებს ჩაჭიდებული მე და ჩემი და. სწრაფი ნაბიჯებით მივყვებოდით, ბულვარში ნაყინი უნდა გვეჭამა. რკინის მძიმე, ლამაზ სკამებზე ჩამოსკუპებულებს სულ გვქონდა იმედი, რომ ნაყინი ამჯერად უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე წინა ჯერზე, მაგრამ ნაყინი იყო ზუსტად 100 გრამი, 100 გრამი ბედნიერება რკინის ვერცხლისფერ ფიალებში, ზედ მოყრილი იაფფასიანი შოკოლადის ნაფშხვენებით.



კორინთო

გზაზე, ხრამის პირას მოხუცები ისხდნენ. თაფლის გამჭვირვალე ქილები ჰქონდათ ჩამწკრივებული წინ, ხის დაბალ დახლზე. მოშორებით, საქანელაზე პატარა გოგო იჯდა და ცას წვდებოდა, ერთი-ორი, ერთი-ორი, მაღლა-დაბლა, მაღლა-დაბლა, ზედ ხრამის პირას, ჰორიზონტის ხაზზე ფრიალებდა კაბა. 
იქამდე ვადევნებდი თვალს, სანამ არ გაუჩინარდა უკან, ავტობუსის ფანჯარაში. ვერ გადავიღებდი, ასე დარჩა, ზევით-ქვევით, საქანელაზე, ხრამის პირას მოფრიალე პატარა გოგო.


მატარებელი

 შეუჩერებლად ვლაპარაკობდით და ვეწეოდით. სადგურებზე მატარებელი ჩერდებოდა, ჭუჭყიანი მინის იქეთ ჩანდა სუსტი, ყვითელი შუქით განათებული უკაცრიელი ბაქანი. მერე ისევ მივდიოდით, ვეწეოდით და ვლაპარაკობდით. ხანდახან ტამბურში კარს აღებდნენ, ვჩუმდებოდით და თვალს ვაყოლებდით ნამძინარევ მგზავრს. მერე ნელ-ნელა თენდებოდა და გული მეწურებოდა, უკვე ახლოს იყო თბილისი.


ნიუ-იორკი

აეროპორტში ყველა სკამი დაკავებული იყო. პირდაპირ იატაკზე დავჯექი და სანდლები გავიხადე, ფეხებს ფაქტიურად ვერ ვგრძნობდი. იატაკი იყო ქვის და გრილი. რამდენი ხანი ვიჯექი ასე არ მახსოვს, მახსოვს ბორტზე ასვლა და როგორ შევიკარი ღვედი. სადღაც ძალიან შორიდან მესმოდა თაკოს და გიორგის ხმა. მერე გავითიშე, ჯერ კიდევ აფრენამდე. შვიდი საათის შემდეგ გამაღვიძეს – ლონდონში ვართ.




აღმართები

გულში ვითვლიდი: აი, 50 ნაბიჯს გავივლი და შევჩერდები. კიდევ 50 ნაბიჯი და ახალი აღმართი. ყველაზე ყოჩაღად დათო და ხატია იყვნენ, ჯიუტად არ იმჩნევდნენ დაღლას. წყლის წისქვილი, წაბლის ხეები, გაუვალი ბუჩქნარები, ბილიკები აღმართებზე, სწრაფი გულისცემა, სახეში მოწოლილი სიცხე და მერე დაღმართები, სუნთქვა მშვიდდება, კედები ოდნავ ცურავს ხავსიან ქვებზე.
ჩანჩქერთან პირველი ნათია ჩავიდა და ხელი დაგვიქნია. 
წვიმდა მტირალაზე, ჰაერში იდგა სველი ტყის ძლიერი და გემრიელი სუნი.  




თოვა გზაზე 

ზუსტად წამოსვლის წინ, დილითვე დაიწყო თოვა. ჯერ სუსტად თოვდა, „მარშუტკასთან“ რომ მივედით, უკვე დიდი ფიფქები წამოვიდა და რამდენიმე წუთში მოათეთრა გზა. ნატალიამ მოწყინა - ასეც ვიცოდი, რომ მოხდებოდაო. გვინდოდა თოვლი, მაგრამ აღარ გვქონდა ფული. ბაკურიანიდან ბორჯომამდე მთელი გზა თოვდა. 




სტამბოლი


ნელ-ნელა გავახილე თვალები. ორსართულიანი ავტობუსი რბილად ირწეოდა. დიდი შუშის იქეთ ყველაფერი მოძრაობდა, მწვანე მინდვრებზე კანტიკუნტად მდგარი სახლები, ხეები, ტრაილერები გზაზე... უკანა სავარძლიდან პერიოდულად ისმოდა ფოტოაპარატის ჩხაკუნი, მანანას უკვე ეღვიძა და პეიზაჟებს იღებდა. იაკოს ეძინა, ყოველ შემთხვევაში თვალები დახუჭული ჰქონდა. უცებ გამიჩნდა დაცულობის და ბედნიერების უსაშველო და ყოვლისმომცველი შეგრძნება. სტამბოლში მივდიოდით, ჩემი დაბადების დღე იყო.   




2 comments:

Sophie שרה Golden комментирует...

ნან, თვალებს არ დავუჯერე, ბლოგროლში რომ გამოჩნდი უცებ ახალი პოსტით. მიხარია და პოსტს ნელ-ნელა აღვიქვამ ახლა :)

ნან комментирует...

სოფი <3 იშვიათად ვწერ და ვერც ვწერ სინამდვილეში, მაგრამ მენატრება ბლოგი :)