четверг, 6 февраля 2014 г.

ადრე, ბავშვობაში



არ მახსოვს რამდენ ხანს უნდებოდა მატარებელი ბათუმიდან დედაჩემის სოფლამდე ჩასვლას, მაგრამ მახსოვს, დრო უსაშველოდ იწელებოდა და ყოველ ხუთ წუთში ვეკითხებოდი დედას: „დე, მალე ჩავალთ?“ ის მოთმინებით მიხსნიდა, რომ ამ სადგურის შემდეგ იქნება ეს სადგური, მერე ეს, მერე ეს და ჩავალთ. ჯერ სადგურებს ვითვლიდი გაფაციცებით, მერე მწყინდებოდა და ჩემ უფროს დას ვეთამაშებოდი. გემრიელად ვღეჭავდით მატარებელში, ბოშა ქალებისგან ნაყიდ საღეჭ რეზინას, თან განვიხილავდით, ჰქონდათ თუ არა ბოშებს სახლი და მათი  შვილები დადიოდნენ თუ არა სკოლაში. მერე ცხვირს ვაჭყლეტდით მატარებლის ფანჯარას, ვამთქნარებდით და ზანტად ვათვალიერებდით, როგორ ბინდდებოდა თანდათან გარეთ.


სოფელში სწორედ მაშინ ჩავდიოდით, როცა ვეგუებოდი ბედს, რომ ეს გზა არასოდეს დამთავრდებოდა.  მატარებლიდან ჩამოსულები ღრმად ვისუნთქავდით ცინცხალ ჰაერს და სახლისკენ მივდიოდით. გზადაგზა, ბნელ შუკაში დედაჩემს კანტიკუნტად ხვდებოდნენ ნაცნობები, მოიკითხავდნენ, ჩვენ გვეფერებოდნენ და სიბნელეში უჩინარდებოდნენ.


სახლთან მახლოვებულებს გვეგებებოდა თარაში, ბაბუას წითური, დიდი მეძებარი. ზედ გვახტებოდა, წინ გავარდებოდა, მერე ისევ გვიბრუნდებოდა, ხომ ნამდვილად მოდიანო და ალერსიანად გვტორავდა.  


სახლთან მისულები მე და ჩემი და უკვე ვეღარ ვითმენდით და თავპირისმტვრევით გავრბოდით ეზოში მდგარი პატარა სახლისკენ, რომლის ფანჯრებიდან ლამპის მბჟუტავი შუქი გამოდიოდა.  ჯერ ფრთხილად დავაკაკუნებდით, მერე კარებს მოვაფრიალებდით და ვიცინოდით.


ოთახის ერთ კუთხეში იწვა ბებია, უტკბილესი, გაბზარული ხმით ამბობდა ჩვენს სახელებს და აცახცახებული ხელებით გვიკრავდა გულში. პარკინსონის დაავადება სჭირდა და ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ სიხარული ცრემლები ადგებოდა თვალებზე.   


ბაბუას სახე უბრწყინავდა ჩვენს დანახვაზე, დეიდა კიდევ მაჯებს გვისინჯავდა და იცინოდა, აი, როგორ გაზრდილხართო. ცოტა ხანში კი ოდისკენ მიგვიძღვოდა, ხელში სანთლით. ჩაგვაცმევდნენ ფლანელის ფართხუნა, უთბილეს, საგულდაგულოდ დაუთოებულ პერანგებს და ვწვებოდით ბუხრან ოთახში, ზამბარებიან რკინის საწოლებზე, რომლებიც სასიამოვნოდ ჭრიალებდნენ.  ბუხრის თავზე გვიტოვებდნენ ანთებულ სანთელს, იქვე ეკიდა „შოკოლადნიცას“ რეპროდუქცია, სანთლის ალი საშიშად ციმციმებდა, მე და ჩემი და საწოლში ვლაპარაკობდით ხმადაბლა და ნელ-ნელა გვერეოდა ძილი.


რამდენიმე წლის შემდეგ ზაფხულის არდადეგებზე, ამ ოთახში, ფილტვების ანთებიანმა წავიკითხე „ბიძია თომას ქოხი“ და „გრაფი მონტე კრისტო“. ორივე წიგნი სახლის ბიბლიოთეკიდან ავიღე, რომელზე კარგი ბიბლიოთეკა არც მაშინ მეგულებოდა და არც ახლა მეგულება. სიცხიანი ვიწექი, ვკითხულობდი და ცრემლები მომდიოდა ღაპაღუპით. როცა პატარა ევა მოკვდა, სიცხემ ამიწია და ბაბუამ საწოლში ამომიტანა თავისი მოხარშული კამის თბილი ნაყენი, ნახე თუ არ გიშველისო. მიშველა. კამამაც მიშველა და წამლებმაც, დეიდა რომ მასმევდა, მაგრამ მე ბაბუას კამის ნაყენის დღემდე უფრო მჯერა.


არსად არ მინახავს იმდენი წიგნი, ჟურნალი და ყუთები, როგორც იმ სახლში. ოდაში იდგა ქაღალდის ტკბილი სუნი და კიდევ რაღაც უცნაური, განსაკუთრებული არომატი - დაუთოვებული სარეცხის, ხის ძველი კედლების, დეიდაჩემის გაუხსნელი სუნამოებისა და  ყუთში ჩალაგებული უცხოური საპნების. გრძელ, გაცრეცილ და ძალიან სუფთა ნაჭერგადაფარებულ მაგიდაზე ნაირნაირ ყუთებში უამრავი ნივთი ელაგა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ღილები, ჭადრაკის ათასგვარი ფიგურები, ძაფები, ძველი პასტები, დედაჩემისა და დეიდას სტუდბილეთები. საათობით ვათვალერებდით ამ ნივთებს, ვყნოსავდით, ვთამაშობდით.  


მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ბებია მოკვდა. 12 წელი იწვა საწოლში და მეგონა, რომ ძალიან მოხუცი იყო, თუმცა 65 წლის იყო, სულ რაღაც. მასწავლებელი იყო და როცა ავადმყოფობის გამო სკოლაში ვეღარ დადიოდა, პირველ სექტემბერს დეიდას აივანზე გაყვანას სთხოვდა, მინდა ვნახო, როგორ მიდიან ბავშვები სკოლაშიო. სახელიც უცნაური ჰქონდა, ჩიტო ერქვა და მართლა ჩიტს ჰგავდა, ქათქათა საწოლში მობუზულს. გამხდარი იყო ძალიან, ხელებს ძვლივს იმორჩილებდა, მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა... მბრწყინავი, ალერსიანი თვალები.  


ჩიტო ბებიას სიკვდილის შემდეგ უცებ აღმოვაჩინე, რომ მიცვალებულების აღარ მეშინოდა. მარტო ვიყავი საღამოობით ოდა სახლში, სადაც ბებია ესვენა და მშვიდად ვუცვლიდი წყალს მოტანილ ყვავილებს. უბრალოდ მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა შემშინებოდა ბებია ჩიტოს, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და არაფრით არ დაუშვებდა ჩემს შიშს და გაბრაზებას.

მერე სულ უფრო იშვიათად ჩავდიოდი დედაჩემის მშობლურ სახლში, მაგრამ ჩავიდოდი თუ არა, პირველ რიგში იმ საწოლისკენ გამირბოდა თვალი, სადაც ბებია იწვა. სათუთად იყო ალაგებული და არავინ წვებოდა კარგა ხანს, წლების შემდეგ კი იგივე საწოლში გარდაიცვალა ბაბუა, რომელიც ძალიან მოხუცი იყო უკვე, თუმცა მაინც უსმენდა რადიოს, 85 წელს გადაცილებულმა კატარაქტის ოპერაციაც კი გაიკეთა და პირველ რიგში იმით იყო ბედნიერი, რომ გაზეთების წაკითხვა დამოუკიდებლად შეეძლო, მანამდე დეიდას სთხოვდა წამიკითხეო და დეიდაც, მიუხედავად უსაშველო დაღლილობისა, ხმამაღლა უკითხავდა გაზეთებს.


ზაფხულში, საღამოობით, ყანიდან დაბრუნებული ბაბუა ტანსაცმელს იცვლიდა, ჩაიცვამდა სუფთად, პეწიანად და ეზოს წინ, ქუჩაში დადგმულ ძელსკამზე ჩამოჯდებოდა. ჩამოივლიდნენ მეზობლები, გამარჯობა ბატონო ილიაო, ესალმებოდნენ მოწიწებით. სკოლის დირექტორი იყო თავის დროზე, სოფელში კი ძველები მასწავლებლებს განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდნენ.


ბოლოს რომ ვნახე, პერიოდულად კარგავდა მეხსიერებას. ერთი დღით ვიყავი ჩასული, ფეჩთან იჯდა სკამზე, გამხდარ, აწოწილ მხრებზე ბუშლატა ჰქონდა მოფარებული, სციოდა ძალიან. ბევრი ვეფერე, მაგრამ საღამომდე ვერ მიხვდა ვინ ვიყავი. ჩემი წამოსვლის წინ უცებ გაუნათდა თვალები, როდის მოხვალ კიდევო, მკითხა, მეტი არაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ მიცნო. აუცლებლად მოვალ სამ კვირაში მეთქი, დავპირდი, მაგრამ დავაგვიანე, თვენახევრის მერე ჩავედი, გაზაფხული იწურებოდა უკვე. ბებიას საწოლში იწვა, თვალებს არ ახელდა. დეიდამ მითხრა, რამდენიმე დღეა არაფერი უჭამია, მხოლოდ წყალს ვასმევთო. იმავე ღამეს გარდაიცვალა, ძალიან ჩუმად. დღესაც მგონია, რომ მე მელოდა, ჩემს ჩასვლას ელოდა, რომ წასულიყო.


ბაბუას გარდაცვალების შემდეგ სულ რამდენიმე ღამე გავათენე დედაჩემის მშობლიურ სახლში.  ერთ დილას დავინახე, როგორ ჩამოჰქონდა ბიძაჩემს ოდიდან ჭრელა-ჭრულა, გაყვითლებული ჟურნალები, კინოზე, მედიცინაზე, სკოლაზე, ნადირობაზე, მეფუტრეობაზე... - ამდენი ნაგავი რა საჭიროა, დავწვავო. ვთხოვე არ ექნა და ხათრი არ გამიტეხა.



მას შემდეგ იმ სახლში აღარ დავრჩენილვარ, ალბათ ათი წელია უკვე. ახლა დეიდას ველაპარაკები ტელეფონით, ხანდახან, ათასში ერთხელ. მას ისეთივე ტკბილი ხმა აქვს, როგორც ჩიტოს, როგორც ბაბუას და როგორც დედას, ადრე, ბავშვობაში, როცა დედულეთში მატარებლით მივდიოდით. 



4 comments:

Tinatin Nadiradze комментирует...

კარგა ხანია, ასეთი კარგი და ტკბილი ჩანაწერი არ წამიკითხავს. სიყვარულით სავსე. დიდი მადლობა. თქვენები ახლაც აქ არიან ჩვენთან ერთად.

ნან комментирует...

მადლობა თინათინ :)

lilac комментирует...

ცრემლი მომერია. მართლა ძალიან თბილი და ნოსტალგიური ჩანაწერია.
ბებიებზე, ბაბუებზე და ბავშვობის მოგონებებზე ტკბილი კი ამქვეყნად არაფერია :)

Natia Kirtskhalia комментирует...

რამდენი საერთო აქვს ამ დღიურს ჩემს ბავშვობასთააან!<3 როგორ დამაბრუნე 20 წლით უკან ამ სუაღამისას?!რა კარგი იყოო, მადლობა!