среда, 4 июля 2012 г.

ექვსი თვე


ამ ბოლო დროს, დავიღლები თუ არა, ზამთარზე ვიწყებ ფიქრს. აი, მოვა ზამთარი, ჩავალაგებ დიდ ჩანთას და წავალ ბაკურიანში, სადაც შესანიშნავი ოთახი ვიშოვეთ, ფართო აივნით, სავარძლითა და პუფით. ისეთი კარგი ოთახი, რომ მეპატრონის ნომერს ვასაიდუმლოებ, ემანდ ვინმე არ წავიდეს და ჩემი დღეები არ ამწაპნოს.

მაგრამ სანამ წავალთ, ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დავსხდებით ჩემთან სახლში, გავაკეთებ ხილის სურნელოვან ჩაის და ინტერნეტში მოვქექავთ ვარიანტებს, დავიანგარიშებთ ფასებს, ფურცელზე ჩამოვწერთ წასაღები ნივთების სიას, ცოტას ვიწუწუნებთ, რომ ყველაფერი ძვირია და მაინც ჩვენი ოთახის დიასახლისს შევუთანხმდებით.

მერე ექვსსაათიანი გზა და ბაკურიანი, რომელიც კაცმა რომ თქვას სულაც არ არის გადასარევი კურორტი, უბრალოდ არის ადგილი სადაც შიგადაშიგ თოვს და რამდენიმე კაფეა, სადაც უგემურ საჭმელებს აკეთებენ. თოვს! ეგაა მთავარი!



მივალთ ჩვენს ოთახში, გავიშოტებით საწოლზე და ცოტა ხანს დავისვენებთ, ღამით გავალთ გარეთ, იმ ლამაზ, საახალწლოდ მორთულ, ძვირ და უგემურ კაფეში  და იქედან გამოსული ჩავვარდები თოვლში. ცოტა ხანს ვიქნები ჩუმად, არ გავახელ თვალებს და ყურადღებით მოვუსმენ როგორ მათოვს სახეზე.
სახლში ასულები დავლევთ წითელ ღვინოს, დავაყოლებთ ბათუმიდან წაღებულ ფორთოხლებს და თითები გაგვეწებება.

ხომ მოვა დეკემებრის ბოლო ჯეკ, სად წავა

3 comments:

სტუმარი комментирует...

საინტერესო ჩანაწერია.სიმშვიდითა და სევდით სავსე.მე როცა დავიღლები სიკვდილზე ვფიქრობ.

Da-v-iD комментирует...

ცუდია 6 თვე ლოდინი. მანამდეც შეიძლება რაიმეს მოფიქრება

Sophie Golden комментирует...

იმ დღეს მეც ვინატრე ზამთარი და მერე გავბრაზდი ადამიანის ხასიათზე, ზამთარში რომ ზაფხული ენატრება და პირიქით.

ჰო, ისე, მოვა ეგ დეკემბერი, მართლაც სად წავა და მე კი მაინც მინდა, ზაფხული უფრო დიდხანს გაგრძელდეს წელს :)