воскресенье, 9 января 2011 г.

მარკესის მოხუცები და რამდენიმე პირადი ამბავი

ვინ არის და რატომ მოკვდა ბობი. ასევე  რამდენიმე ძაღლის სევდიანი ასასრულის შესახებ

ბობი მოკვდა. რვა ან ათი წლის იყო. ბოლო ხანს ბალანი გასცვივდა, იწვა ძველ ჩემოდანში მოკუნტული და ეზოში შემოსულებსაც არ უყეფდა.  წამალს რომ ვუსვამდი ზურგზე, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ დახუჭული თვალებიდან  გამოჟონა ცრემლმა. სიკვდილის წინ გაქრა.  ორდღიანი ძებნის შემდეგ ტატამ ეზოს ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში აღმოაჩინა. იწვა მოკეცილი, რაღაცნაირად დაპატარავებული იყო, შავი ცელოფნის ნაგლეჯს ჰგავდა.

ჩემს სახლში ყველა ძაღლს ბობი ერქვა. ეს მეხუთე თუ მეექვსე ბობი იყო და ერთადერთი, რომელიც მშვიდად მოკვდა. მისი წინამორბედი ეზოდან გაიპარა და მანქანა დაეჯახა. მხიარული, თეთრი ძაღლი იყო. თათებს მხარზე დაგილაგებდა და გიცინოდა ალერსის მოლოდინში. ყური გაგლეჯილი ჰქონდა - მეზობლის ბომბორასთან სისხლიანი ბრძოლის კვალი. ბომბორა კავკასიური ნაგაზი იყო, ძალიან დიდი და ავი, მაგრამ ბობი გულადი იყო და არ შეეპუა. კიდევ კარგად გადარჩა, ეტყობა ბომბორას შეეცოდა მეზობელი დასაგლეჯად.

ბომბორა პატრონებმა თბილისიდან ჩამოიყვანეს სულ პატარა რომ იყო და სახლი ჩააბარეს. ექვსი თვიდან სულ დაბმული იყო ბომბორა, პატრონები თბილისში ცხოვრობდნენ, წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდნენ და მაშინ თუ მოხსნიდნენ რკინის ჯაჭვს ყელიდან. პედიგრის უგზავნიდნენ სამაგიეროდ, მაგრამ რად უნდოდა უზარმაზარ, კავკასიურ ნაგაზს პედიგრი? სირბილი უნდოდა, საძულველი ჯაჭვის მოშორება და წლების მანძილზე, ღამღამობით, სასოწარკვეთილი ყეფდა, ხმის ჩახლეჩამდე. ერთხელაც პატრონს უკბინა ბომბორამ, უკბინა რა, მართლა რომ ეკბინა პატრონისგან  ნაფლეთი არ დარჩებოდა,  ჭამის დროს დაბმა დაუპირეს და თავი დაიცვა, გამაფრთხილებლად მოსდო კბილები. არ აპატიეს, იმავე დღეს საგანგებოდ მოიყვანეს თოფიანი კაცი და მოკლეს. ალბათ უკეთესიც იყო მისთვის, მე რომ ბომბორა ვყოფილიყავი ასეთი აღსასრული უფრო მომეწონებოდა. 




სახლი რკინიგზის პირას

ძალიან მოხუცია ტატა, 89 წლის გახდა, მაგრამ ყოჩაღია. დაკვირვებით მიყურებს, როგორ ვაკაკუნებ ლეპტოპის კლავიატურას და უკვე მერამდენედ მეკითხება: „ეგ სათამაშოა თუ სერიოზული?“ ტატას არასდროს მოსწონდა, როცა სერიოზული საგნებით ვთამაშობდი. არ მოსწონდა, როცა ვხატავდი რვეულის ფურცლებზე - „ტყულად ხარჯავ კალამს და ფურცელს აფუჭებო“, არ მოსწონდა, როცა ფერადი ნაჭრებით თოჯინებს კაბებს და ბალიშებს ვუკერავდი, არც ის მოსწონდა ჭამის დროს რომ ვკითხულობდი, ამიტომ  ყოველთვის ვატყუებდი, რომ ჩემი თამაშები სერიოზულია. „სერიოზულია ბე“ - ვეუბნები და ისიც მშვიდდება.

სახლი სოფელში, სადაც ბავშვობა გავატარე, რკინიგზის პირასაა.  მატარებლები აქ დღეში რამდენჯერმე ჩაივლიან გრუხუნით, ჩვენთვის კი ეს ხმა იმდენად ნაცნობია, არც კი გვესმის.  ეზოს გადაღმა, რკინიგზის პირას პატარა ქვის სკამია, სადაც ტატას და მეზობელ ქალებს ძალიან უყვარდათ საღამოობით ხანგძლივი საუბარი. ერთადერთი ბავშვი მე ვიყავი. ქმარი თითქმის ყველას  გარდაცვლილი ჰყავდა,  შავი ყვავებივით ისხდნენ   ჩვენი სახლის წინ და საუბარს მხოლოდ მაშინ წყვეტდნენ, როდესაც მატარებელი ჩაიგრიხუნებდა რამდენიმე მეტრში.

მე მიყვარდა მატარებლები. მერჩივნა ვაგონის ფანჯარაში თავგამოყოფილი ადამიანებისათვის დამექნია ხელი, ან კიდევ საბარგო ვაგონები მეთვალა, ვიდრე მომესმინა ჩემი ბებიების ამბები მათ ქმრებზე, ბაზრის გაძვირებულ ფასებსა თუ შორეულ ნათესავებზე. ბევრი წლის შემდეგ, როცა მარკესი წავიკითხე, პირველი, რაც გამახსენდა, ბებიები და მათი ისტორიები იყო. მარკესის მკვდრები ყველაზე ნამდვილი მკვდრები არიან, მაგრამ მაინც ვერ შეედრება  კოლუმბიელი ჩემს ბებიებს მიცვალებულებზე საუბარში. 

ჩემი ბებიებიდან ცოცხალი მხოლოდ ტატა, მისი და, მერი და კიდევ ერთი მეზობლის ქალია, რომელიც ჩვენთან ერთი წლის წინ იყო. ჩემი ბავშვობის შემდეგ ნაოჭები არ მომატებია სახეზე, თითქოს უფრო ახალგაზრდაა. ჯერ კიდევ ჭიშკრიდან მოყოლებული ტიროდა მამაჩემის სიკვდილს, მერე კი, როცა ბებიებმა მკვდრებზე საუბარი დაიწყეს, ოთახიდან გავედი.




















შიში                     
                                  
რომელიღაც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ადამიანის დავიწყებისათვის საჭიროა გავიდეს მასთან გატარებული დროის ნახევარი. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან ბევრი წელი გამოდის და ხანდახან მეშინია, არ დავემსგავსო ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით აწყობენ ისტერიკებს. ამიტომ მინდა ყველაფერი უკან დავიბრუნო, ყველა წერილი, ყველა მოგონება, საგულდაგულოდ ჩავკეტო მაგიდის ქვედა უჯრაში და თავისუფალი ვიყო. 

სოფელში დარჩენა არ შეიძლება. აქ მალე ღამდება. ათ საათზე ყველას ღრმა ძილით სძინავს და უცნაურ სიზმრებს ხედავენ. მე კიდევ არ მინდა დაძინება, მეშინია თევზისთვალება ადამიანები არ დამესიზმროს. 




5 comments:

ჩორვენი¹³ комментирует...

დავიზაფრეე :|

nastasia комментирует...

როგორ ველოდები ხოლმე შენ პოსტებს.

ბავშვობაში მეც რკინიგზის სადგურის გვერდზე საშინელ სახლში ვცხოვრობდი და ზაფხულობით ბაბუასთან რომ ჩავდიოდი, ის სახლიც რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს იყო.

მატარებლები მიყვარს, ის სახლები არა და ერთში 8 წელია არ ვყოფილვარ, მეორეში უფრო მეტი.

მოხუცები გენიალურ ამბებს ყვებიან, მთავარია მოსმენა შეგეძლოს.

ხოოდა, ცვლილებები ზოგჯერ ისეთი საჭირო და აუცილებელია, მეტი გზა არ რჩებათ, რომ არ მოვიდნენ :)

შორენა комментирует...

არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მისტიური, როგორიც სოფელი, ამას მხოლოდ დაღამებისას და იქ მარტო ყოფნისას ვგრძნობ.რაც ბებიაჩემი მოკვდა, ასე მგონია ჩვენი სამეზობლო,ნელ–ნელა მას მიჰყვა, იქაც ეგრე იციან ჭიშკრიდან და ლამის გრძელი აღმართის ბოლოდან დატირებები, მეც ისე მიტირია, სოფლის მერომელიღაცა ქალივით ბებიაჩემი და მეზობლები გაგიჟებულან, როგორ უყვარდა თურმე ბებიაო.ძაან უცნაური იყო ჩემთვის მისი სიკვდილი, როგორც ჩანს სიკვდილის შიში ახლობელ მკვდრებზე არ ვრცელდება. მთელ ღამეებს მასთან ვატარებდი, გამაგრებულ ხელებზე და გულზე და ძუძუებზე ვეფერებოდი, მე და მამიდაჩემმა ჩავაწვინეთ კუბოში და ჩავულაგეთ უამრავი წვრილმანი, ჭრელი თავსაფარი,სავარცხელი და მისი, თბილი, შავი პალტო...
ვიღაცისთვის, ეს ყველაფერი შეიძლება ამაზრზენი იყოს, მაგრამ ჩემთვის ამ ყველაფერს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს...
პ.ს ბოდიში, თუ ვინმეს ჩემი ემოციები მოვახვიე. მადლობა ნან, რომ ეს ყველაფერი გამახსენე. წარმატებები

Keti комментирует...

ძალიან იმოქმედა ახლა ამის წაკითხვამ. მიჭირს, გამოვხატო ემოცია.

katerina комментирует...

იმდენი ნაცნობი ემოცია ამოვიკითხე, გული გამითბა... დროის ხანგრძლივობა არ ახუნებს საყვარელი ადმიანების არც ხსოვნას და არც მათი დაკარგვის ტკივილს. უბრალოდ ძველი წერილების მსგავსად უჯრაში გაქვს გამოკეტილი... და ისინი სიკვდილზე ფიქრს და თვითონ სიკვდილსაც გვიადვილებენ.