суббота, 13 ноября 2010 г.

სანიმუშო ბავშვები

ჩემი  მეგობარი, თავის პროფესიაში საკმაოდ  წარმატებული ადამიანი, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დადის. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, გაკვეთილებიც ძალიან მოსწონდა და მასწავლებელიც, რამდენიმე კვირის წინ კი ზდასრულმა და სრულიად არასენტიმენტალურმა ადამიანმა ცრემლიანი ხმით მიამბო, რომ მასწავლებლისაგან დაუმსახურებელ და მკვახე შენიშვნებს იღებს, მას კი პასუხის გაცემა უჭირს. პირველი, რაც გავიფიქრე: თუ კი 25 წლის ადამიანი, რომელიც ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს პასუხის გასაცემად, ცრემლებამდე მიიყვანა მასწავლებელმა, როგორ დაიცავს თავს ბავშვი იმავე და უარესი მასწავლებლის წინაშე? რას ეტყვის?  ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საერთოდ იტყვის რამეს, ეცდება წყენა და დარდი  გულში ჩაიკლას, მოგვიანებით კი შეეცდება ყველა შენიშვნა, ყველა შეურაცხოფა ფეხებზე დაიკიდოს და თავხედურად უპასუხოს, ან საკუთარ თავში ჩაიკეტოს და შემდეგში, თუ კი განათლება და ინტელექტი საშუალებას მისცემს, თვეები, ან წლები უნდა დახარჯოს საკუთარი თავის ფსიქოანალიზში, რომ ერთ უწყინარ დღეს, საკლასო ოთახში თავსმოხვეული, სულელური კომპლექსები დაძლიოს.

სანიმუშო მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, არც ცუდი და მაჩანჩალა, უფრო ისეთ ბავშვებს ვგავდი უკანა მერხზე წყნარად ყოფნა რომ უყვართ და  მაგრამ არა ერთი წყენა მახსოვს მასწავლებლებისგან, ძალიან ხშირად სრულიად დაუმსახურებელი. შეიძლება ამიტომაც, ყოველთვის ვიქნები მოსწავლის მხარეს, რაც არ უნდა „თავხედი“ და „ოროსანი“ იყოს. ის, რომ ბავშვი ვერ ან არ სწავლობს და „დედიკოს“ გასახარად არ იქცევა, პირველ რიგში მშობლების, სკოლის და სისტემის ბრალია და არა 6- დან 17 წლამდე ადამიანის, რომელსაც ისედაც უამრავი თავსატეხი აქვს ცხოვრებაში.
 
ვიცი, ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე მეგობარი მომწერს, რას გადაეკიდე ამ სკოლას, ასეთი რა გაწყენინეს, რომ ვერ დაივიწყეო, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სულაც არ მინდა დავივიწყო. ორი წელი ვასწავლიდი სკოლაში და ყოველ დღე მახსოვდა; არ მაქვს უფლება ბავშვს ვაწყენინო. დაუფიქრებლად შეიძლება ტკივილი მივაყენო, ისე, რომ ვერც მივხვდე,  რა ჩავიდინე.

პრობლემა სწორედ ეს არის. მასწავლებლებს ცუდი მეხსიერება აქვთ, არ ახსოვთ, რომ თავადაც იყვნენ ბავშვები. ბავშვები კი ხანდახან უზრდელებიც არიან, ხანდახან გაკვეთილის სწავლაც ეზარებათ და ასეთ დროს მასწავლებლის გესლიანი შენიშვნები კი არ ეხმარებათ, არამედ სწავლის სურვილს უკარგავთ.  
მარტივი პედაგოგიკაა - ნებისმიერ ბავშვს უნდა კარგად ისწავლოს.

ნატა მიამბობდა, (მისი შვილი დაწყებით კლასში სწავლობს), მასწავლებელმა მშობელთა კრებაზე განაცხადა, რომ სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეების სიას საკლასო ოთახში გააკრავს. მსგავსი მარაზმი გაგიგიათ? თუ მასწავლებელს უნდა ჩამორჩენილმა მოსწავლემ ნიშნები გამოასწოროს, აუცილებელია კლასის წინაშე ბავშვები დაამციროს?! ბოლოსდაბოლოს ფრიადოსნების სია გამოაკრას, იქნებ სხვებსაც მოუნდეთ ამ სიაში ყოფნა.

ბოლო დღეებია ვაკვირდები, როგორ აშუქებს ქართული მედია მე-12 კლასელების პროტესტს, რომლებიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ.  არც ჟურნალისტებს და არც მთავრობას არ დაუზოგავს ბავშვები, რომელთათვის მართლა არაფერი უსწავლებიათ 12 წლის მანძილზე და  ეს მოსწავლეების ბრალი ნამდვილად არ არის, ასე რომ ტყუილად ნუ დაიწყებთ მორალის კითხვას - ვისაც უნდოდა სწავლობდაო. გამოცდების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე-12 კლასელები წელს ამისთვის მზად არ არიან და მესმის მათი პროტესტი, თუმცა აჯობებდა საპროტესტო აქციები გაკვეთილების შემდეგ გაემართათ, იქნებ ქვეყნის პირველ პირს „ოროსნების“ იარლიყი არ მიეწებებინა, მეეჭვება ამ გარემოებას შეეჩერებინა, მაგრამ მაინც.  როგორც ვიცი თვითონ სანიმუშო მოსწავლე იყო, ასეთები უყვართ მასწავლებლებს.

სანიმუშო ბავშვებსაც ცუდი მეხსიერება აქვთ ნეტა?

პ.ს. ჩემი დისშვილი, გიორგი, წელს სკოლაში წავიდა. ოჯახში ბევრი იფიქრეს, კერძო სკოლა სჯობდა თუ საჯარო, ბოლოს საკითხი კერძო სკოლის სასარგებლოდ გადაწყდა. მეც ამის მომხრე ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ არ მჯერა კერძო სკოლის განსაკუთრებული უპირატესობის. უბრალოდ ვიცი გიორგის ხასიათი, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და საჯაროში თავის დამკვიდრება უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე კერძო სკოლაში, სადაც კლასში 30 კი არა, 10-15 მოსწავლეა და მასწავლებლებიც  შედარებით უფრო  ფრთხილად ექცევიან ბავშვებს.

არა მგონია ეს იყოს გამოსავალი. 



პ.ს.პ. „გუნდის მომღერლები" კი ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველა მასწავლებელმა. და საერთოდ,  რატომ არ აჩვენებენ ბავშვებს კინოს სკოლაში? 

6 comments:

სოფი Golden комментирует...

ქართული მედია უსაზიზღრესია, საერთოდ არ იცის, როგორ გააშუქოს თემები ბავშვებზე იარლიყების მიკვრის გარეშე. ჯერ რა ქვეყანაში ცხოვრობენ ეს ბავშვები, მერე როგორი ნევროზიანი მასწავლებლები ჰყავთ, დაუმატე ამას გაჭირვებული ოჯახები და კიდევ კარგად არიან ეს ბავშვები :(
არ ვიცი, რა ეშველება ქართულ სკოლებს და საერთოდ განათლებას :/

Keti комментирует...

გეთანხმები აქ ჩამოწერილ მოსაზრებებში. ძალიან ფრთხილად უნდა მოექცნენ ბავშვებს. და "ოროსნების" იარლიყის მიწებებამაც გამაღიზიანა. მაგრამ, ერთია, პირველმა პირმა რომ თქვა ეს და ჟურნალისტებმა რომ აიტაცეს, კიდევ უფრო ცუდი. ასე მგონია, ტელევიზიებში ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანები მუშაობენ.

Elene August комментирует...

როცა ამ დღეებში სატელევიზიო სიუჟეტებს ვუყურებდი მქონდა განცდა რომ ეკრანიდან ნაძირალა ტიპეbი მესაუბრებოდნენ. მარტო იმიტომ რომ პოლიტიკური კონიუქტურაა არ შეიძლება ყველანაირი საზიზღრობა დააბრალო ბავშვებს. იარლიყის მიწეპება ადვილია, მით უფრო მაშIნ როცა სინდისი არა გაქვს.

შორენ комментирует...

როდესაც სიუჟეტის ანონსი მოვისმინე რუსთავი 2 –ზე შეურაცხყოფილი დავრჩი. მეც ძალიან ბევრი არასწორი შეხება მახსოვს სკოლისგან, არასწორი, არაპედაგოგიური და არასამართლიანი. ცოტა გვიან მოვიშორე შიში მასწავლებლებისადმი.

Agasfer комментирует...

ოხ, ნანა, ცოტა ხნის წინ მეც ამ თემაზე დავწერე, ეს პოსტი ნეტავ მანამდე წამეკითხა. ძალიან დამაფიქრე. სკოლის პერიოდზე სულ ეს შემთხვევა მახსენდება ხოლმე:
ჩემი საუკეთესო ძმა და მეგობარი ცოტა ზარმაცი იყო. სტაბილურ 3-4ბზე 'ქაჩავდა'. ერთხელ, ინგლისურზე საკონტროლო გვქონდა. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელს შემოვეხვიეთ და ვუყურებდით, როგორ ასწორებდა. ჩემი ძმობილის რვეული რომ გადაშალა, ცუდმა კალიგრაფიამ ძალიან გააბრაზა, გადახაზა, ორიანი დაუწერა და რამდენიმე შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ დაიშურა. უზომოდ დაამცირა. ამ ფაქტმა ჩემზე იცი როგორ იმოქმედა? ადგილზე გავქვავდი. თითქოს გულმა მიგრძნო. მაშინდელი საუკეთესო მეგობარი დღეს ის ერთადერთია, რომლზეც შემიძლია ვთქვა, რომ მძულს. რამდენი წელი გავიდა, რამდენჯერაც მახსენდება, სულ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეგ ფაქტი იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როცა მან სწავლას თავი დაანება. არათუ სწავლას, სკოლაში განათლების მისაღებად სიარულსაც. იმ დღიდან ოროსნის სტატუსი ნელ-ნელა დებილ რეციდივისტში, საბოლოდ კი ამაზრზენ პიროვნებაში გადაიზარდა. ამას ლალი მასწს ვაბრალებ. მჯერა, რომ ეს ბავშვი იმიტომ აღარ სწავლობდა, რომ დებილის სტატუსს უსწავლელის და ოროსნის როლი ერჩია.

BONITA комментирует...

icit me 1 welia espanetshi vcxovrob, miuxedavad imisa rom ena dzirfesvianad ar vici aq skolashi gacilebit uketesad vswavlob vidre saqartveloshi vswavlobdi, jer erti is rom maswavlebeli yvelanairad cdilobs dagexmaros, skolashi sauketeso koleqtivia,, cdiloben yvelanairad gagiadvilon swavla da amistvis yvelafers aketeben,,, skolashi aris kinoebi romlesac garkveuli drois ganmavlobashi vuyurebt da mere varchevt, aris leqciebi yvelanair temebze... es yvelaferi saqartveloshi ar iyo rac survils mikargavda rom meswavla,, tan maswavleblebis damcinavi mzerebi.. autaneli iyo.. exla mivxvdi rom kidev bevri ram gamosasworebelia mand... pirvel rigshi maswavleblebma unda sheiswavlon bavshvis psiqologia da ise aswavlon gakvetilebi, damcirebis gareshe..