четверг, 26 августа 2010 г.

ბლის ფოთოლცვენა, ბრედბერი და შემოდგომის პირველი დღე აგვისტოში





აივნის კარი დავკეტე, გრილოდა ძალიან. ჯერ აგვისტოა, მაგრამ მორჩა, ჰაერში უკვე შემოდგომის სუნი ტრიალებს.
ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ბლოგზე შევედი,  საუკეთესო მუსიკას ვუსმენ და  ბლის ხეზე ვფიქრობ, რომელიც სოფელში ჩემი საძინებლის ფანჯარიდან ჩანს. ძალიან პატარა რომ ვიყავი, ამ ხის ნერგი მაშინ მოუტანია დედაჩემის მამას საჩუქრად. ბაბუას ერქვა ილია, ძალიან გამხდარი, მაღალი და ჭკვიანი იყო. სულ რამდენიმე წლის წინ წავიდა, კი არ მოკვდა, გარდაიცვალა, ჰაერში გალღვა და აუცილებლად მესიზმრება წელიწადში რამდენჯერმე, თავის დაბადების დღეზე და მაშინ, როცა რაიმე კარგი უნდა მოხდეს. ახლა მესმის დედაჩემის, რომელიც სულ თავის ბებიას ელოდება სიზმრებში, იცის, თუ ანეტა დაესიზმრება, ყველაფერი კარგად იქნება.
ბლის ხეზე ვამბობდი. ამ ხეს უკავშირდებოდა ჩემი საზაფხულო არდადეგები. ბალი შევარდისფერდებოდა და საზაფხულო არდადეგები იწყებოდა. ჩავიდოდი თუ არა სოფელში, ჯერ ქვედა ტოტებიდან ჩამოვკრეფდით ვარდისფერ, მკვრივ მარცვლებს და მერე დამწიფებამდე ტატა კიბეს არაფრით მიიტანდა ხესთან. ივლისის დასაწყისში ბალი მიილეოდა და ფოთლები გაყვითლებას იწყებდნენ. ეს პირველი ნიშანი იყო. ყოველ დილით, საწოლიდან ვაკვირდებოდი  ბლის ფოთოლცვენას, ხის შეუღებავ კედლებზე არშიებს ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, შემოდგომა ახლოვდებოდა.
ეს გრძნობა რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად „ვიცანი“. ბრედბერის „ბაბუაწვერების ღვინოს“ კითხვისას.
ბრედბერი მელოდება. უფრო სწორედ დაგვიანებული პოსტი წიგნის კლუბისათვის „451 ფარენჰეიტზე“. მართლა ვიცი რა მეყვარება ყოველთვის: შემოდგომა, ბაბუასთან შეხვედრა სიზმარში, ბრედბერი და წვიმა. 

4 comments:

სოფი SUNNY გოლდენი комментирует...

მეც ასე შევდივარ ხოლმე ანუშკას ბლოგზე, მუსიკას ვუსმენ და წარმოვიდგენ რაღაცებს... კარგია შემოდგომა ზოგჯერ.

Keti комментирует...

ახლობელი განცდა დამრჩა: ბლის ხე – ჩემი მოგონებებიდანაც, ხოლო სიზმარში ჩემთან მამა მოდის..

mariefille комментирует...

მე შემოდგომა მეყვარება ყოველთვის,ჩემი უსაყვარლესი სეზონი,მაგრამ შემოდგომაზე მეტად ბრედბერი მეყვარება,შემოდგომაზე,წვიმებში საკითხავი :) ვერც წარმოიდგენ,როგორ მიყვარს.

mariefille комментирует...

მე შემოდგომა მეყვარება ყოველთვის,ჩემი უსაყვარლესი სეზონი,მაგრამ შემოდგომაზე მეტად ბრედბერი მეყვარება,შემოდგომაზე,წვიმებში საკითხავი :) ვერც წარმოიდგენ,როგორ მიყვარს.