воскресенье, 22 августа 2010 г.

“ამ ქვეყნად ბევრზე ბევრი მაზოხისტია და ძალზე ცოტა სადისტი”



როდის გავიგე მის შესახებ პირველად? ალბათ, 12 წლის წინ. მაშინ ვნახე “ტალღების გაპობისას” (სხვა ვერსიით ფილმის სახელწოდება ითარგმნება “და მიაპობს ტალღებს”). ისე იმოქმედა ფილმმა, თავს ძალას ვატანდი, რომ არ მეტირა. მერე ეს ფილმი სტუდიაში წავიღე, კინოკლუბში, გიორგი მასალკინი აწყობდა ჩვენებებს. და იქ, ფილმს კი აღარ ვუყურებდი, მაყურებლების რეაქციას ვაკვირდებოდი და ამაყი ვიყავი, რომ ყველას თვალებიდან ცრემლები ღვარად მოსდიოდა. დაახლოებით, ისე, როგორც აბას ქიაროსტამის პატარა ფილმში უყურებენ ქალები “რომეო და ჯულიეტას”.
ამის შემდეგ, ლარს ფონ ტრიერი ჩემთვის ყველაზე დიდი რეჟისორი გახდა. დავიწყე მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. გავიგე, რომ:

1. იყო კინოექსპერიმენტის “დოგმა 95” ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც კინოში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. იგი 10 აკრძალვისაგან შედგებოდა. მთავარი მოთხოვნა იყო ხელის კამერით მუშაობა, ხელოვნური განათების, სპეციალური მუსიკის, ფექტების, რეკვიზიტისა და დეკორაციის უარყოფა, მოქმედება არ უნდა გადასულიყო სხვა დროში, ტიტრებში არ უნდა მოეხსენებინათ რეჟისორი, არ უნდა ეჩვენებინათ მკვლელობა, იარაღი და მისი მსგავსი ქმედება. ამ პრინციპების დაცვით გადაიღო სკანდალური “იდიოტები”(სკანდალი პორნოსცენებმა გამოიწვია), რომელიც სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. თუმცა იგივე პრინციპით გადაღებული ზემოხსენებული “ტალღების გაპობისას” ნახვისას იმდენი ცრემლი ვღვარე, იმდენი ვიფიქრე, რომ ბოლოსდაბოლოს, ჩემი მსოფლმხედველობაც შეცვალა. ეს ფილმი რელიგიურ ფილმად აღიარეს, ჩემთვის კი პირიქით, ანტირელიგიურია. რატომ? იმიტომ! ეს ძალიან გრძელი ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა.



სხვათაშორის, ფილმმა კანის ფეტივალზე ჟიურის დიდი პრიზი მიიღო და რეჟისორი მოლოცვებს ცრემლმორეული ტელეფონით უსმენდა. ფრენის ეშინია და ამდენად ვერსად მოგზაურობს.
რაც შეეხება “დოგმა-95” წესდებას, ყველა პუნქტი სათითაოდ დაარღვია ფილმში “სიბნელეში მოცეკვავე” და “ოქროს პალმის რტოც” დიდი ზარ-ზეიმით გადასცეს. არ ვიცი, თქვენ როგორ, მე კი ძალიან მიყვარს ეს ფილმი, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ორჯერ ვნახე, მეტი ვერ შევძელი, მძიმე სურათია, დამთრგუნველი.



2. კანში პირველად 1991 წელს მოხვდა სურათით “ევროპა”. ჟიურიმ “გრან- პრი” სხვა ფილმს მიანიჭა. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ტრიერმა საშინელი სკადალი მოაწყო გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე და დაიფიცა, რომ მისი ფეხი არ იქნებოდა ფესტივალზე. თუმცა სიტყვა ვერ შეასრულა, კანში თავის ნამუშევრებიც გაგზავნა და არც თუ უშედეგოდ, და თავადაც ჩაბრძანდა ავტომანქანით.
3. რამდენიმე ტრილოგია აქვს. პირველია “ევროპა”, არც ერთი შემადგენელი ფილმი არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით. თუმცა, პრესის მიხედვით, ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტი ყოფილა. შემდეგი ტრილოგია - “ოქროს გული”, რომელშიც “ტალღების გაპობისას”, იდიოტები” და “სიბნელეში მოცეკვავე” შევიდა, ქალთა თემას დაუთმო. განაცხადა, რომ სამყარო უსამართლოა ქალების მიმართ. აი, წლების შემდეგ კი, ბოლო ნამუშევარში, “ანტიქრისტე” ქალის სახით გამოიყვანა და განაცხადა, რომ ქალია სატანის მსახური. შარლოტა გინსბურგმა ეს კარგად დაგვანახა.


ეს ფილმი ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის დროს ვნახე. წინასიტყვაობა გოგი გვახარიამ გააკეთა. ისე კარგად მოამზადა მაყურებელი ფილისათვის, რომ განსხვავებით კანის ფესტივალისა, დარბაზი მხოლოდ რამდენიმე მაყურებელმა დატოვა, დანარჩენი კი ალბათ, ჩემსავით, ყველაზე საშიშ ეპიზოდებზე თვალებზე ხელს იფარებდა საკუთარ თავს ამხნევებდა ჩურჩულით “ეს ფილმია, ეს ფილმია, ეს ფილმია, რაც ხდება, არარეალურია”. ჩავთვალე, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ვნახე და აშკარად უმცირესობაში მოვხვდი.
4. კიდევ ერთი ტრილოგია აქვს, “ამერიკა- შესაძლებლობათა ქვეყანა”თუმცა დაუმთავრებელია. “დოგვილსა” და “მანდერლეის” “ვასინგტონი” უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ არ გამოვიდა. რეჟისორი სხვა იდეებმა გაიტაცა. ამ ტრილოგიით იგი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოდიოდა, ლანძღავდა და აგინებდა მის დემოკრატიას. ასეთი დამოკიდებულების გამო ფონ ტრიერს თავისუფლების ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს.
5. “დოგვილში” ნიკოლ კიდმანი ასრულებდა მთავარ როლს. უნდა დამეთანხმოთ, გრეისის სახე, ერთ-ერთი საუკეთესოა კიდმანის შემოქმედებაში. მაგრამ ისეთი რთული გამოდგა დანიელ რეჟისორთან მუშაობა, ისე დაიტანჯა კიდმანი, რომ უარი განაცხადა ფონ ტრიერის მომდევნო შემოთავაზებაზე, მეტს ვეღარ გავუძლებო. დავეთანხმე კიდმანს. შეუძლებელია კიდევ ერთხელ განიცადო და გადაიტანო (თუნდაც ეკრანზე, თუნდაც სცენაზე) ის, რაც ფილმის გმირმა ქალმა გადაიტანა. “დოგვილის” ნახვის შემდეგ, დიდხანს, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი.



6. რაც შეეხება სიმძიმეს, ყველაზე დამთრგუნველი, ალბათ “ანიტიქრისტეა”. ნახევარი ფილმი თვალებზე ხელი მქონდა აფარებული და გვერდით მჯდომს ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. სურათის ყურებისას დავრწმუნდი, რომ სკანდინავიელი რეჟისორი ფსიქიკურად მთლად ჯანსაღად ვერ იყო. თუ გავიხსენებთ მის პატარა ფილმს პროექტში “Yყველას თავისი კინო აქვს”, პირდაპირ გაგვაფრთხილა, ძალიან სუსტი ნერვები მაქვს, ყველაფერი მაღიზიანებს და მომერიდეთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებო.



7. მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ახალ პროექტზე მუშაობს სახელწოდებით “მელანჰოლია”. ჟანრი – ფანტასტიკისა და კატასტროფის ნაზავი. სიუჟეტი - დედამიწას სხვა პლანეტა ეჯახება. “ნუ ელოდებით ბედნიერ დასასრულს!” – გვაფრთხილებს რეჟისორი. თქვენგან? სხვას არც არაფერს ველოდებით, ბატონო!
8. დიდი პროვოკატორი რეჟისორია. საშინელებებს იღებს და გაიძულებს უყურო და მეც ვუყურებ, შიშით, თრთოლვით და აღტაცებით. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა “ამ ქვეყნად ბევრზე ბევრი მაზოხოსტია და ძალიან ცოტა სადისტი”. მისი შემოქმედება ამის დასტურია.
მაინც მიყვარს!


ბლოგის სტუმარი: ინგა ხალვაში.

3 comments:

კოპალა комментирует...

ბლოგი კი არადა პოსტი :))))

Agasfer комментирует...

:))
მეც დოგვილზე მინდა ვთქვა.
თბილისის კინოთეატრებში რომ გადიოდა, მაყურებელი უცებ მიასკდა, კარგად იყო გაპიარებული.
იმდენი უარყოფითი აზრი მოვისმინე, ნახვის სურვილი დამეკარგა.
ფორუმზე ხომ ისტერიკა იყო, აბსოლუტური ერთსულოვნება :)
ბოლოს ერთმა ჩემთვის ფრიად პატივსაცემმა ადამიანმა ორი სიტყვით დაახასიათა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამერისკა. მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ თითზეა ჩამოსათვლელი ის ფილმები, რომელმაც ამდენხანს მაფიქრა, თავიდან არ ამომდიოდა.
მერე მეორე ნაწილს ველოდებოდი.
პირველი იმედგაცრუება ის იყო, რომ ნიკოლ კიდმანი აღარ თამაშობდა, მეორე კი თავად ფილმი აღმოჩნდა :(

Anonymous комментирует...

გეთანხმები, agasfer :) "მანდერლეიმ" ძალიან გამიცრუა იმედები, ბოლომდეც კი ვერ ვნახე, შუა გზაში მივატოვე.