пятница, 2 июля 2010 г.

როგორც საკუთარი მოთხრობის გმირი


ქართველმა კინომოყვარულებმა კარგად იციან, რომ პირველი ქართული მხატვრული  ფილმი 1916 წელს გადაღებული „ქრისტინეა“. ეს სურათი მე არ მინახავს, „ქრისტინე“ პირველი „დიდების საკითხავი“ მოთხრობა იყო, რომელიც ავად ყოფნისას, ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში წამიკითხა ჩემმა უფროსმა დამ.
ყავისფერი წიგნი იყო, მახსოვს, ყდაშემოცვეთილი. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ თანდათან სიცხე მიწევდა. მოთხრობის დასასრულს ისეთი ტირილი მოვრთე, რომ სასწრაფოდ ფინალის შეცვლა გახდა საჭირო. ახალი, ბედნიერი დასასრული ჩემმა დამ სახელდახელოდ მოიფიქრა და რამდენიმე წინადადებით მითხრა, რომ ქრისტინე სახლში დაბრუნდა და შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდაო. ტირილი კი შევწყვიტე, მაგრამ მანდამაინც არ დავიჯერე.
ეგნატე ნინოშვილი ჩემი საყვარელი მწერალი არასოდეს ყოფილა. საერთოდ არავინ მინახავს, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები მიყვარსო, რომ ეთქვას. უფრო პირიქით, ქართული ლიტერატურის თაყვანისმცემლები ღრმა მოწიწებით საუბრობენ კლასიკოსებზე, მაგრამ ეგნატეს ხსენებისას მრისხანედ აწევენ წარბს, აბა ეგ რა მწერალიაო. ზოგი იმასაც გაიხსენებს, მესამე დასელი იყო, მარქსისტი, მისი დაკრძალვის დღეს დაიგეგმა ილიას მკვლელობა, რომელიც წლების შემდეგ განხორციელდაო.
უსაფუძვლო ბრალდებებია. ეგნატე ნინოშვილის ერთადერთი „დანაშაული“ ის იყო, რომ ცუდი ჯანმრთელობის გამო მისი მწერლობა სულ ხუთ-ექვს წელიწადს გაგრძელდა. ისიც უკიდურეს სიღატაკეში. ხან სოფლის მასწავლებელი იყო, ხან მუშა. უფრო ხშირად უმუშევარი. მეგობრებისგან ფულს ხშირად სესხულობდა. თავის მეგობარს, თედო სახოკიას წერდა,  „ივერია“ ჩემს მოთხრობებს კი ბეჭდავს, მაგრამ ფულს არ მიხდისო. საფრანეთში წავიდა, სასწავლებლად უნდოდა დარჩენა, მაგრამ ფული არ ჰქონდა.
ტუბერკულოზით ბათუმში დაავადდა, როცა როტშილდის ქარხანაში მუშაობდა დღეში მანეთად და ბარცხანის ნესტიან ქოხმახებში ცხოვრობდა. „1889 წელს ბათუმში ზამთარი მეტათ ცუდი, ქარიან-წვიმიანი იყო. მე გაცვეთილი საზაფხულო ტანსაცმელი მქონდა. უნდა ავმდგარიყავი დილის ოთხ საათზე და ამ საშინელ დარში ზავოდამდე რომ მივსულიყავი კარგა დიდი მანძილი უნდა გამევლო“ - წერდა დღიურში. 
მისი მოთხრობებიდან ყველაზე მწარედ „განკარგულება“ და „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ მახსოვს. არ არის შემთხვევითი, რომ პირველი ქართული ფილმი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. კინემატოგრაფიული მოთხრობებია, დაწვრილებით და ძალიან დამახასიათებლად აღწერს ბუნებას, ადამიანებს.. კითხულობ და თვალწინ კინოფირივით მიდის მთელი მოთხრობა.
თვითონ ალბათ  ვერც იოცნებებდა, რომ პირველ ქართულ ფილმს მისი „ქრისტინეს“ მიხედვით გადაიღებდნენ. დიდი აზრის არ ყოფილა საკუთარ შემოქმედებაზე, უფრო სხვა რამ აღელვებდა, საზოგადოებრივი საქმით უნდოდა დაკავებულიყო.
თვითონაც საკუთარი მოთხრობის პერსონაჟს ჰგავდა. გამხდარი, სანთელივით დამდნარი სახით, ავადმყოფი და ტრაგიკული - ძალიან ჰგავს სპირიდონ მცირიშვილს „ჩვენი ქვეყნის რაინდიდან“, თუმცა თვითონ ამბობდა, სპირიდონი ჩემზე ყოჩაღიაო.
წლების წინ ვიყავი ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში. მართალი გითხრათ, საგანგებოდ არ წავსულვარ, მის სოფელში სტუმრად მყოფს მითხრეს, რომ მეზობლად ეგნატეს სახლ-მუზეუმი იყო. პატარა სახლია, მწვანეში ჩაფლული. მახსოვს მივიწყებული მუზეუმებისათვის დამახასიათებელი იდუმალი სუნი, რამდენიმე წიგნის თარო, აკვანი, რომელშიც, როგორც მითხრეს ეგნატე ნინოშვილი გაიზარდა და ხის საწოლი.
საკმაოდ გულდამძიმებულმა მუზეუმიდან გამოსვლისას კუთხეში მსხვილი ხელჯოხი შევნიშნე და ვთქვი, ეს ალბათ ეგნატესია-მეთქი. არაო - მიპასუხეს, - ეს ჩვენია, კარი არ იკეტება და ამ ჯოხით ვკეტავთო.


4 comments:

Agasfer комментирует...

რა კარგი პოსტია )))
იცი რაზე დავფიქრდი? მგონი არასდროს მისაუბრია ეგნატე ნინოშვილზე.
არც სხვების დისკუსიები მომისმენია.
არც კარგი გამიგია და არც ცუდი.
მგონი ფურუმ.გე-ზეც არაა თემა.
ნეტავ რატომ, რა საინტერესოა :))

nastasia комментирует...

მე არ მიყვარს ეგნატე, არ ვიცი რას ვერჩი, მაგრამ მგონია, რომ სუსტი მწერალი იყო და როცა ამსწავლიდნენ, სულ ვღიზიანდებოდი. ხოოდა, ახლა დავფიქრდი, რომ არ შეიძლება ასე გაღიზიანდე ვიღაცის გამო, ხოოდა, შენი ბლოგი მაგიტომ მიყვარს შენი კითხვა რომ მშვიდად, წყნარად და მარტივად ამბობ იმას, რაც ისედაც უნდა იცოდეს კაცმა. ხოოდა, ეგნატე მაინც არა, მარა შენ მიყვარხარ :)

Zurriuss комментирует...

უკაცრავად უადგილო კომენტარისთვის. მეილი არ ვიცი, თორემ იქ მოგწერდი.
რამდენიმე დღეში ბათუმში ჩამოვდივარ და შეიძლება შენი დახმარება დამჭირდეს. ბათუმის ოპერასთან დაკავშირებით. რა ხდება მანდ მაინტერესებს. დახურა თუ არა სეზონი და ა.შ.
zurriuss@gmail.com-ზე მომწერე და დანარჩენი იქ გავარკვიოთ.
გაიხარე და მადლობა წინასწარ :*

თათული комментирует...

,,ჩვენი დროის გმირი" მართლაც კარგია და სპირიდონ მცირიშვილობა კიდევ-დღესაც აქტუალური:(