среда, 2 июня 2010 г.

"ბაბილინა" და „კანის“ პრიზიორი რეჟისორი, რომელიც არავის ახსოვს

1984 წელს, კანის კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა ვიმ ვენდერისის ფილმს - „პარიზი-ტეხასი“ ოქროს პალმის რტო ერგო, დაჯილდოვებულთა შორის ქართველი რეჟისორ-მულტიპლიკატორი დათო თაყაიშვილიც დაასახელეს. მისი მულტიპლიკაციური ფილმი, „ჭირი“, ჟიურიმ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის დაასახელა.

ეს ამბავი ბუნდოვნად ვიცოდი. ვიცოდი რა, წლების წინ, როცა კინო ჩემი დიდი გატაცება იყო და განურჩევლად ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა, ჟურნალ „კინოში“ წავიკითხე სტატია, საიდანაც გავიგე, რომ ჩემი საყვარელი მულტფილმის, „ოჯახის“ რეჟისორმა კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო და 30 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მერე ეს ჟურნალი სადღაც მიიმალა და ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ გამახსენდა, როცა მულტიპლიკაციით ვებრძოდი უგუნებობას. YouTube- ზე ვნახე მისი მულტფილმები და გავიგე გვარი, მაგრამ გუგლში მის შესახებ ვერაფერი ვიპოვე. არც ერთი სტატია, არავითარი ინფორმაცია მასზე, მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები რამდენიმე ინტერვიუში. ძალიან დამწყდა გული. ისე გვიყვარს პრიზებით მატრაკვეცობა და რა დიდი ამბავია მასზეც იყოს პატარა ინფორმაცია, თუნდაც დაბადების და გარდაცვალების თარიღები და ფილმოგრაფია.

დღეს ვიპოვე ის ჟურნალი, სადაც მასზე დაწერილი სტატია წავიკითხე წლების წინ. (აი რა სარგებლობა მოაქვს ხანდახან ავად გახდომას). ოთარ იოსელიანი და ინგმარ ბერგმანი ყვარებია და აღორძინების ეპოქის ფერწერა. არაფერი წერია მისი გარდაცვალების მიზეზზე. სტატიას „დაგვიანებული ინტერვიუ“ ჰქვია. რამდენიმე ადგილი გამიხაზავს;

„... „ყველა ადამიანი მარტოსულია. ვიღაც უფრო მეტად, ვიღაც ნაკლებად. ამის შეგრძნება დიდი უბედურებაა... ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ირონია თავისი თავის მიმართ, ადამიანების მიმართ, ცხოვრების მიმართ. ირონია და არა ცინიზმი!
...„ჭირი“ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შესრულებული ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დათო სიხარულიძემ წამიკითხა სცენარი, რომელმაც დამაინტერესა მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეით - სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, რომ დაუშვებელია მხოლოდე რთი ფერის გამეფება. მუშაობის პროცესში სცენარი გადამუშავდა და მიიღო უფრო მკვეთრი სოციალური ხასიათი. ქალაქი, ხალხი, გარემო, უფრო რეალური გახდა. ყავისფერიც ფილმში მოგვიანებით შევიტანეთ (სცენარის მიხედვით ქალაქში შემძვრალი ბაცილა ყველაფერს უფეროდ, თეთრად ღებავდა).“ ჟურნალი „კინო“ 1889 წელი, #4


მეტს აღარ დაგღლით, თუ დაინტერესდებით, ბიბლიოთეკაში ჟურნალის ამ ნომრის ნახვა ადვილად შეიძლება, სამწუხაროდ მე ვერ გამოვნახე დრო, იქნებ სხვა სტატიებიც იყოს მის შესახებ. „ჭირი“ კი ვერსად ვიპოვე. თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ ატვირთოთ იუთუბზე.

ეს კი „ოჯახია“, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მულტფილმი სიმპათიური ლეკვის ერთი დღის შესახებ. არ ვიცოდი „ბაბილინა“ დამედო ბლოგზე თუ „ოჯახი“, მაგრამ ბოლოს ეს ვარჩიე მაინც.

1 comments:

Keti комментирует...

ვიკიპედიაზე თუ შეძლებ მასზე ჩანაწერის გაკეთებას, ვფიქრობ კარგი საქმე იქნება – სულ მცირე ჩანაწერიც კი...
"ჭირი" არ მინახავს, სამწუხაროდ