среда, 5 мая 2010 г.

ნადირობა სულებზე

გუშინ თაზოს სტატუსს მოვკარი თვალი ფეისბუქზე, „ერთი ეს ჭეშმარიტი ქართული სული დამაჭერინა სადმე და მეტი არაფერი მინდაო“. გავხალისდი, მაგრამ არც ისე სასაცილოდაა საქმე.

ბოლო ორი დღის ამბებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის ფასეულობების პატივისცემა კი არა, ატანაც კი. ყველას ჰგონია რომ მას აქვს ჭეშმარიტება პრივატიზებული, ყველა რაღაცის დაცვას და გადარჩენას ცდილობს და ეს მცდელობები მგონი „დასაცავს“ სულ უფრო შორდება.

მესმის იმ ადამიანების პროტესტი, რომლებსაც არ მოსწონთ კონკრეტული გადაცემა, წიგნის სათაური და ა.შ. არ არის ტრაგედია რაღაც თუ არ მოგწონს, რაც არ უნდა სუსტი არგუმენტები გქონდეს, თუნდაც შენი ახირების გამო... გაპროტესტებაც შეიძლება, მაგრამ არა „ჭეშმარიტი ქართული სულის გადარჩენის“ იარლიყით. ვინ ართმევს ამ ადამიანებს ან ქართველობას, ან აღმსარებლობას, ვერ გავიგე. არ მოგწონს? - ნუ წაიკითხავ, ნუ უყურებ. წაიკითხე და აღშფოთდი? კი ბატონო, გააპროტესტე, ოღონდ უნდა იცოდე, რომ წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნის და სხვისი შეურაცყოფის უფლება არა გაქვს.
ან ლოცვას ვინ უშლით, ეკლესიების მეტი რა არის. თუ მანდამაიც ვერ ითმენ ლოცვას სწავლის საათებში და თვლი, რომ მხოლოდ ეკლესიაში ყოფნისას შეიძლება ლოცვა, არსებობს სასულიერო სემინარია, სადაც ალბათ არის ეკლესიაც. გაქვს არჩევანის საშუალება და აირჩიე ის გზა, რომელიც მოგწონს. აირჩიე, მაგრამ სხვას ნუღარ ურტყამ მუჯლუგუნს, გინდა თუ არა ჩემი გზაა ჭეშმარიტიო.

ეს მხოლოდ ერთ მხარეს არ ეხება. ზუსტად ისე მაღიზიანებს ე.წ. „ლიბერალების“ ქედმაღლობა და სარკაზმი, როგორც „ეკლესიურების“ რელიგიური ექსტრემიზმი. გვანან ერთმანეთს, როგორც არ უნდა მოსწონდეთ ეს ამბავი, ასეა.

რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში ერთი როკ-ჯგუფის კონცერტზე ვიყავი. ტექსტებში რამდენიმეჯერ უცენზუროდ მოიხსენიეს ღვითისმშობელი, მაგრამ არ ამტყდარა წივილ-კივილი და საპროტესტო აქციები. თან მოგეხსენებათ როგორი ქვეყანაა საბერძნეთი, მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია, ეკლესიიისა და სასულიერო პირების მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ. ჩემი იქ ყოფნის დროს გაცხარებული დებატები იყო, უნდა ჩაეწერათ თუ არა პასპორტში სარწმუნოების აღმნიშვნელი გრაფა და ამ იდეას ბევრი მომხრეც ჰყავდა სხვათა შორის.

რა მოხდება, თუ კი რადიკალური რელიგიური ფრთა ხელისუფლების უმრავლესობაში მოვა? არადა დიდია ცდუნება, დარწმუნებული ვარ ძალიან ხიბლავთ პოლიტიკოსებს მრავლრიცხოვანი მორწმუნეებისაგან ხმების მიღების პერსპექტივა. ჯერ-ჯერობით ცოტა ეუხერხულებათ ალბათ (რა კარგი აზრის ვარ ხანდახან ადამიანებზე), მაგრამ რაღაც თუ არ შეიცვალა, მალე დიდი ნადირობა დაიწყება სულებსა და საარჩევნო ხმებზე.

სუბარს რომ მოსთხოვა ვიღაცამ ჯვარი მაჩვენეო, გახსოვთ? ეგ ტკბილი მოგონება იქნება.

დღეს მითხრეს, იქნებ პირიქით, ძალიან კარგია რაც ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მოხდა, რაღაც სიმპტომები გამოვლინდაო.

ჰოდა მეშინია დიაგნოზის.

პოსტები ამ თემაზე:ჩეშირის კატა, გაბო. ანინა, ცისფერი დღიურები, ისტერიკა

3 comments:

Katieé.Ge комментирует...

რაღა სიმპტომები, კარგა ხანია ავად ვართ, ძალიან ავად :(((

სიყვარულოვნა комментирует...

წიგნის სათაურსაც გააჩნია რა...
როდესაც ადამიანი ეხება იმას რაც ჩვენთვის,ქართველებისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ანუ სარწმუნოება, და ამ ვირაცამ კიდე მასხრად აიგდო მთელი ეკლესია მგონი ეს პროტესტი უფრო უნდა გაიზარდოს და ის ვირაცა კიდევ უნდა ცქოლონ.
გული მერევა ამ წიგნის ავტორზე!!!

Anonymous комментирует...

ძალიან საინტერესო პოსტია