вторник, 4 мая 2010 г.

კომფორტი და კონფორმიზმი

ეკლესიაში სიარული დაახლობით 14 წლის ასაკში დავიწყე. თითქმის ყოველდღე დავდიოდი ორი-სამი წლის განმავლობაში. ვიცმევდი მხოლოდ კაბას, ვატარებდი თავსაფარს და ბედნიერი ვიყავი.
ეს ბნელი 90-ანები იყო, შუქი - არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი -არა, კულტურული სივრცე - არა. ეკლესია იყო ძალიან კარგი ადგილი ჩემთვის, ვხვდებოდი ადამიანებს, რომელთაც რაღაცის შემეცნების სურვილი ამოძრავებდათ, კულტურული სივრცე იყო ერთი სიტყვით. ჩემი აზრით სწორედ ამის გამო მოდიოდა ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში,ეკლესია იყო არსებული ქაოსის ალტერნატივა.
რათქმაუნდა რელიგიურ გრძნობებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეგ „უღრანი ტყეა“ და ამ თემაზე პოსტების წერა უბრალოდ ჩემს ძალებს აღემატება.
მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ერთდროულად დავიწყეთ სიარული წირვა-ლოცვაზე, გავხდით აღმსარებლები, ვსწავლობდით გალობას... და რომ იცოდეთ, რა პატივისცემით განიმსჭვალა უცებ ჩვენს მიმართ საზოგადოების (ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ვგულისხმობ ოჯახის წევრებს, თანაკლასელებს, მასწავლებლებს, მეზობლებს :) ერთი ნაწილი. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ასე ამბობდა: „ესენი კარგი გოგოები არიან, ეკლესიაში დადიანო.“ ძალიან მიყვარს ის ქალი, დღემდე ვმეგობრობ, მაგრამ ამას რომ ამბობდა, გული მიწუხდა. კლასში მეკითხებოდნენ: უი ეს როგორ არის? ეხლა მარხულობ ხომ? და როგორ ძლებ?
თუმცა ყველა „ეკლესიურ გოგოს“ (ასე ვიწოდებოდით) არ ჰქონდა საქმე ასე აწყობილი. ჩემს მეგობარს დედამისი უშლიდა ლექსების წერას (არ სჯეროდა, შენი დაწერილი არააო), ლოცვების კითხვას, ეკლესიაში სიარულს და მარხვას. ერთხელ თავი დაარყმევინა თეფშზე 17 წლის შვილს, ნუ მარხულობ, ჭამეო. ექიმია ის ქალი, პერიოდულად გვიყვებოდა როგორ ამოწმებდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში გასათხოვი გოგონების საქალწულე აპკებს, რომ ზნეობრივი ნორმები ყოფილიყო დაცული და მსგავს საშინელებებს. დარწმუნებული ვარ იგონებდა, იგონებდა და სადისტური სიამოვნებით გვიყვებოდა.
ჩემი მეგობრის დედა ისე შემძულდა, რომ მათთან სახლში დღემდე ვერ ავდივარ, არ შემიძლია დედამისთან ურთიერთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ახლა თვითონ გახდა ეკლესიური. (ზუსტი სიტყვაა ისე, რელიგიური კი არა, ეკლესიური).
არ შეცვლილა რათქმაუნდა. ადამიანები ადვილად არ იცვლებიან. ისევ ისეთი ინტერესით მეკითხება სად ვმუშაობ, რამდენი მაქვს ხელფასი, რატომ არ ვთხოვდები, როგორც ადრე მეკითხებოდა ნიშნების, მშობლების ხელფასისა და სოციალური სტატუსის შესახებ. მორალზეც ისეთივე მონდომებით ქადაგებს, უბრალოდ ამჯერად ეს სხვაგვარადაა შეფუთული, ისე, როგორც უფრო მისაღები და მოსაწონია საზოგადოებისათვის.
რასაკვირველია ის ერთადერთი არ არის.
ასეთი ადამიანებისათვის ისეთი სათუთი და მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც რწმენაა, ლეღვის ფოთოლია მხოლოდ. მთავარია საზოგადოებაში გამოიყურებოდნენ კარგად, ძალაუფლება ჰქონდეთ და ან ლენინის ტომებს გირტყამენ თავში ან ჯვარს, მათთვის ეს იარაღია და სხვა არაფერი.
და ნუ გვიკვირს რატომ არ აპროტესტებენ ახალგაზრდები რელიგიურ ფანატიზმს. კომკავშირელები რატომ არ აპროტესტებდნენ? იმიტომ რომ მათ უდიდეს ნაწილს ასე მიაჩნდა სწორად, მე მაპატიეთ, მაგრამ არ მჯერა, რომ გააზრებული ჰქონდათ რა სისტემაში ცხოვრობდნენ. ასე იყო კომფორტული და ეს კომფორტი რომ საშიში კომფორმიზმი იყო ამაზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. კომფორმისტი მშობლები შვილებს იმსგავსებენ. ეს არ არის განაჩენი რათქმაუნდა, მაგრამ ძირითადად მაინც ასე ხდება.
ძალიან დიდ თემას შევეხე. ალბათ ოდესმე გავაგრძელებ.

პ.ს. ბლოგერობა რომ დავიწყე, ვიცოდი, არ დავწერდი პოლიტიკასა და რელიგიაზე. პოლიტიკური დისკუსიების ბლოგზე გადმოტანა რა საჭიროა, ისედაც ყველა ამაზე ლაპარაკობს, რელიგიური გრძნობები კი იმდენად პირადია, რომ უბრალოდ მრცვენია ამაზე საჯაროდ ლაპარაკი.
არ გამოგივა!