четверг, 8 апреля 2010 г.

ილუზიონი

ყველაზე მეტად პარასკევი მიყვარდა. პარასკევი იყო სიმსუბუქის და თავისუფლების განცდა. ასე მახსოვს, სკოლაში დილა სწრაფად გადიოდა, ვბრუნდებოდი სახლში ნელი ნაბიჯებით, მძიმე ჩანთისგან ოდნავ მოხრილი და ვცდილობდი მზისთვის თვალი გამესწორებინა. ალბათ ხშირად წვიმდა, მაგრამ მე სულ მზიანი და ბედნიერი პარასკევები მახსოვს.

სიხარულს ჰქონდა თავისი მიზეზი. ჯერ ერთი მთელი ორი დღე საძულველი სკოლიდან თავისუფალი ვიყავი, თავისუფლად ვსუნთქავდი, ეს იყო ჩუმი დღესასწაულის განცდა. და შაბათ საღამოს გადიოდა „ილუზიონი“, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემა. ეს მნიშვნელოვნება რათქმაუნდა მაშინ გააზრებული არ მქონდა, უბრალოდ ფილმის ნახვის შესაძლებლობა იყო.

ვახსენებ თუ არა „ილუზიონს“ ეგრევე მესმის მუსიკა და ვხედავ კადრს, გრძელკაბიანი თმაგაშლილი ქალი გარბის და არ ეპუება ტალახიან გუბეს, ტალახის შხეფები ცვივა, მერე კამერა ტრიალებს... კარგა ხნის მერე ვნახე ეს ფილმი - The Stunt Man და ცოტა გული დამწყდა, კარგი ფილმია, მაგრამ არა ისეთი როგორიც წარმომედგინა.



„ილუზიონი“ იწყებოდა „ვრემიას“ შემდეგ. ეგ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ უნდა გამეძლო, როგორმე არ უნდა ჩამძინებოდა. თვალებს ძვლივს ვახელდი და უცებ მაფხიზლებდა ის მუსიკა. მერე გადაცემის წამყვანს, ოთარ სეფიაშვილს, ხან ხმამაღლა, ხან გულში ვევედრებოდი რაც შეიძლებოდა მალე დაესრულებინა შესავალი ნაწილი და ფილმი დაწყებულიყო. როგორ ხმა ჰქონდა იცით? დაბალი, რბილი ხმა, ათას ხმაში რომ გამოაჩევ ისეთი.

ხშირად გადიოდა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „როკო და მისი ძმები“, „ფან-ფან ტულპანი“, „რომეო და ჯულიეტა“. რა უცნაურია, ეს უკანასკნელი 9 აპრილის შემდეგ თუ წინა კვირას გავიდა. მახსოვს გავბრაზდი, ახლახან არ გაუშვესთქო.

„ილუზიონში“ ვნახე „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ და მახსოვს რომ ძალიან შემეშინდა. პანიკური შიში მქონდა, ვერაფრით ვხდები რამ შემაშინა, მაგრამ მახსოვს ხელები მქონდა შიშისგან გაყინული. დღემდე არ ვიცი ზუსტად რატომ.

კიდევ ბევრი ფილმი იყო და მათ შორის „ქვიშის კარიერის გენერლები“, ფილმი რომელზეც მგონი ყველაზე მეტი ვიტირე. კიდევ კარგი ჩემებს ეძინათ (როგორც წესი ვერ ძლებდნენ ასე გვინობამდე ტელევიზორთან), თორემ სხვისი თანდასწრებით ტირილი არ შემეძლო. სულ მინდა წავიკითხო ჟორჟ ამადუს ეს მოთხრობა და ვერ შევძელი, არც ვიცი თუ არის ქართულად, მაგრამ რუსულად მაინც იქნება, ისეთი პოპულარული ფილმი იყო, მოთხრობასაც თარგმნიდნენ.

სიუჟეტი კი დიდი გადასარევი არ არის, მაგრამ აქვს ამ ფილმს რაღაც ისეთი, რაც სულ გემახსოვრება. ალბათ მელოდია, ან კიდევ ის გოგო, დორა, ან ბოლო კადრი, გასროლის ხმა რომ ისმის, ან კიდევ ბავშვობაში ნანახი ფილმები გამახსოვრდება მძაფრად. არ ვიცი. დიდი ხანია არ მინახავს და ეხლა მომინდა ნახვა.

არადა ასეთი „გენერლები“ რამდენია ჩვენს ირგვლივ და მანდამაინც არ გვაღელვებს მათი ბედი. დარწმუნებული ვარ ფილმზე უფრო მეტს ვინერვიულებ, ვიდრე იმ ბავშვებზე, ქუჩაში რომ დგანან ამ წუთას.

ფიჰ...
ხასიათიც გამიფუჭდა, წავედი ზღვაზე, სასიამოვნო საღამოა ბათუმში.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=AU7zdcAIFr4&hl=en_US&fs=1&]

4 comments:

კოპალა комментирует...

ამ საუნრეკზე დღემდე ენითაუღწერელი მემართება :))))

DreaMar комментирует...

mgoni ertaderti adamiani var, vinc iluzionis shesaxeb araferi icoda bolo dromde :| sheidzleba nanaxi maqvs, magram ar maxsovs. ar vici :|

Anonymous комментирует...

ახლა როგორ შემოვედი იცი შენს ბლოგზე? კომპთან წიგნი მიდევს "ქვიშის კაპიტნები"ყოველ შემთხვევაში ფრანგულ თარგმანში ასე ჟღერს,ქართულად სხვანაირად ყოფილა.პორტუგალიურის სწავლა დავიწყე და ეს ერთადერთი წიგნია, რომელის შოვნაც მოვახრხე.ფრაზებად ვთარგმნი და ისე ვკითხულობ. თან ავტორის შესახებაც მაინტერესებდა, ხოდა დავსერჩე და საინტერესო ბლოგიც აღმოვაჩინე:)

Mikheil Mgebrishvili комментирует...

მე კი პირიქით,არც თვალები მეხუჭებოდა და მთელი კვირა ველოდებოდი ილუზიონს,ასევე წამყვანის კომენტარებს ფილმის შესახებ და რაც შეიძლება მეტი მინდოდა გამეგო ფილმის შესახებ (სპეციალისტის გადმოსახედიდან თუ როგორ ვთქვა),თორემ ვიდეოშიც შეიძლებოდა იმ პერიოდში კარგი ფილმების ყურება "ილუიონი" განუმეორებელი გადაცება იყო