четверг, 1 апреля 2010 г.

ნუ უსმენთ კრიტიკას


იყო დრო, როცა ძალიან მომწონდა ჯულიეტ ბინოში. ვუმზერდი „ლურჯში“ როგორ იკაწრავდა თითებს კედელზე, სვამდა ყავას, ათვალიერებდა ლურჯ ჭაღზე მინის მძივებს. მიყვარდა „ლურჯი“. ბინოშის, მუსიკის და კიშლოვსკის გამო.

„ზიანი“ არ იყო მხოლოდ ბინოში. უფრო ჯერემი აირონსი იყო, თავისი ერთი შეხედვით საკმაოდ უფერული გარეგნობით და ძალიან ჯიუტად გამოკვეთილი სახის ნაკვთებით. ბინოშის არ მესმოდა ამ ფილმში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. იდუმალებით მოცული საბედისწერო ქალი იყო და ვტკბებოდი მისი იდეალური ვარცხნილობითა და სახის ოვალით.

ერთხელაც წავიკითხე სტატია სადაც ბინოშს „გადაუარეს“, ყალბია და პათეტიურიო. მერე სხვებმაც დაამატებს თითო-ოროლა „ტკბილი“ სიტყვა და ნელ-ნელა მოვიწამლე, ამის შედეგად ბინოში აღარ მიყვარს, მეჩვენება რომ ყველა ფილმში ერთ ქალს თამაშობს და მისი ყველა ჟესტი არაბუნებრივი და ცუდად გათამაშებულია.

ბინოში, „ლურჯი“ და კრიტიკა ბლოგებმა და ჩემმა მეგობარმა გამახსენა. ლექსი ვაჩვენე, მომწონს მეთქი და ისე იქედნურად გაიღიმა, გული მომეწურა. დავცხეთ ერთმანეთს და ბოლოს საეჭვო გემოვნება გაქვსო, მომახსენა.
არადა როგორ არ მიყვარს სხვის გემოვნებაზე რომ ლაპარაკობენ.
თან ჩემი საეჭვო გემოვნებითაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.

კრიტიკოსები როგორც წესი არ უყვართ. მათ ერიდებიან, მათი ეშინიათ და ამის მიუხედავად მაინც უსმენენ. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კრიტიკოსი სიმპათიურია, ან ბევრს და გაუგებრად ლაპარაკობს, იგი შესაძლოა ავტორიტეტად ან თაყვანისცემის ობიექტად იქცეს, მაგრამ წესით ნორმალურ კრიტიკოსს (საერთოდ ადამიანს) მაინცდამაინც არ უნდა უხაროდეს, ვიღაცას რომ უმიზეზოდ უყვარს, ან უარესი - თაყვანს რომ სცემენ.

მე მიყვარს კრიტიკის მოსმენა. ჩემი მისამართით გამოთქმულ კრიტიკასაც ვიტან მეტ-ნაკლებად, რაღაცას ვითვალისწინებ, რაღაცას არა, მაგრამ შეძლებისდაგვარად არასდროს ვტოვებ არც ერთ კრიტიკულ წერილს, გადაცემას, პოსტს თუ საინტერესო აზრს. ირგვლივ ისე დათაფლული და გაწებილია ყველაფერი, კარგი შეჯანჯღარება მაგრად გვჭირდება.

თუმცა რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბატონ/ქალბატონ კრიტიკოსებს აუცილებლად უზადო გემოვნება აქვთ. გემოვნებაზე დაობენ, მაგრამ არ ღირს ნერვიულობად თუ მარშუტკაში მოსმენილ რიგით ქართულ, პათეტიკურ სიმღერაზე გული გიჩუყდება, ჩუმად უსმენ რუსულ ესტრადას ან კიდევ მაია ბურჭულაძის რომანები გაქვს „სარკეში“ წაკითხული. პატივი ეცით საკუთარ გემოვნებას, რაც არ უნდა საეჭვოდ მოეჩვენოს სხვებს.

პ.ს. ორი კვირის წინ წავიკითხე შოკოლადის „ლიტერატურა“, ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი აქეს ნამეტნავად. ჰა, რა ვქნა, ვიყიდო???? :D

ფოტო მაინც დავდე ბინოშის. ლამაზია ნამდვილად, მაგრამ „პროფილის” წამყვანს ჰგავს ცოტათი :D

4 comments:

Natalia комментирует...

პ.ს ძალიან ბევრი ’ჩემს’ გამოვიყენე, რომ აზრი ჩამომეყალიბებინა :)

DreaMar комментирует...

გოგი გვახარიაც მგონი ასე აფასებს ბინოშს, პათეტიურიაო (თუ არ ვცდები "ცხელი შოკოლადის" რომელიღაც სტატიაში წავიკითხე). არადა ბინოშიც მომწონს და გოგის აზრსაც ვაფასებ:| გადაწონის გოგის აზრი ჩემი ბინოშისადმი სიმპათიას? :დ

Sophie Golden комментирует...

@ DreaMar, გოგი გვახარია რას თვლის, მკიდია, ბოდიში, უხეშად გამომივიდა. იმიტომ, რომ ჩემთვის არ არის ავტორიტეტი. საერთოდ არ მყავს ავტორიტეტები ისეთ სფეროში, როგორიც ხელოვნებაა, მომწონს ის, რაც მომწონს და არა ის, რაც სხვებს მოსწონთ და თავს მახვევენ.

@ ნან, აბსოლუტურად გეთანხმები, კრიტიკა ძალიან კარგია და მეც ყელში ამომივიდა დათაფლულობები. უკვე ვიდეოპოსტის ჩაწერა აღარ მინდა, რომ ხალხი "რა საყვარელი ხარ"-ის მეტს არაფერს მეუბნება და მგონი, არც მისმენენ, იქ რას ვამბობ.
ჩემს პოსტებზე (კიშლოვსკის ფილმებზე) საკმაოდ კარგი კომენტარები იყო და ბევრი რაღაც გავიგე, იმათგანაც, ვისაც ბინოში არ მოსწონს. ძალიან ნორმალური ფაქტია, ყველას არ შეიძლება მოსწონდეს ბინოში იქნება თუ კუნდერა, ან სააკაშვილი :ლოლ: ეს არ ნიშნავს, ვისაც ეს ხალხი მოსწონს, უგემოვნოა ან რაღაც.
სტერეოტიპებს ვამსხვრევთ ვითომ და ხალხს მაინც ჩარჩოში ვსვამთ, აკვირდებით? თუ ეს მოსწონს, სულელია, თუ ის მოსწონს - ძალიან პროგრესული და cool.

Keti комментирует...

რა კარგი პოსტი ვიპოვე! :)
კრიტიკა მეც აუცილებლად მიმაჩნია, მაგრამ ჩვენთან მაგალითად ლიტერატურაში ისეთი კრიტიული წერილები დამკვიდრდა – თაფლიანები... მხოლოდ აქებენ და რაც იწერება, ისიც ძირითადად პირადი ურთიერთობების გათვალისწინებით.
კარგი, მხოლოდ ნაწარმოებიდან გამომდინარე, კრიტიკული წერილის წაკითხვა მენატრება. მიუხედავად ამისა, თუ სადმე გადავაწყდი, ყველაფერს ვკითხულობ.

კრიტიკა აუცილებელია, პირველ რიგში წინსვლისთვის, შეჯანჯღარებისთვის – ეფექტურია, თორემ ქებისას ნებისმიერი შემოქმედი ეშვება და საკუთარი თავით მოხიბლული წინ ვეღარ მიდის...

ბინოში მომწონს, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია, მაგრამ მომწონს. და საერთოდ, ვცდილობ, სხვების აზრი ჩემი შეხედულებების მმართველი არ გახდეს.
ყველაზე მეტად სნობიზმით შეპყრობილები მაღიზიანებენ.