воскресенье, 31 января 2010 г.

ვინ მოკლა ინსპექტორი?


ერთდღიანი თოვლი ზუსტად ორ დღეში გაქრა და დღეს ისეთი კაშკაშა და თბილი ამინდია, სულ ცოტა მარტის შუა რიცხვები გეგონება. თოვლი გაქრა და გაშრა, მაგრამ მოვიდა ახალი პოსტის იდეა, რომელსაც ვასასის პოსტს უნდა ვუმადლოდე, გამახსენდა „ფანჯარა ეზოს მხარეს“, ჩემი ერთ–ერთი საყვარელი დეტექტიური მოთხრობა, რომლის ეკრანიზაციაც რაღა დაგიმალოთ და არ მომწონს.

ახსენებ თუ არა დეტექტივებს, ლიტერატურის ფსევდო მეტრები ეგრევე ცხვირს იბზუებენ. ეჭვი მაქვს კარგი დეტექტივი არ წაუკითხავთ, ან კიდევ რცხვენიათ იმის თქმა, რომ დეტექტივებს კითხულობენ. აბა სადაური „მეტრი“ ხარ დეტექტივების საკითხავად თუ გრჩება დრო. მოსაწყენი, კოკობზიკა ხალხია, მოკვდები მთქნარებით!

მოკლედ არ მიყვარს ხალხი დეტექტიურ ლიტერატურას რომ ქედმაღლურად უყურებს. დღემდე ჩემი საყვარელი ჟანრია, ოღონდ ამ ამბავში ზედმიწევნით მომთხოვნი ვარ; არ (უბრალოდ ვერ) ვკითხულობ ყველა დეტექტივს, მაქსიმუმ პირველი ათი გვერდის მერე ვსვამ დიაგნოზს და დაწუნებულ წიგნს ყველაზე ბნელ კუნჭულებში ვტენი. განსაკუთრებით ხშირად ეს ეხება ქართულ დეტექტივებს, უფანტაზიო, უნიჭო და საშინელი ქართულით დაწერილ მაკულატურას. თუმცა არის ერთი–ორი საინტერესო გამონათება, (ერთ–ერთი უკანასკნელი გასული საუკუნის ბოლოს გამოცემულ ჟურნალ „კონტინენტში“ მაქვს წაკითხული. ავტორი არ მახსოვს სამწუხაროდ. განათხოვრებულ ჟურნალს დავიბრუნებ და აუცილებლად დავწერ).

დეტექტივს რომ ვამბობ, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ედგარ პოს. ეგ სხვა აჩრდილებითა და ბნელი სიღრმეებით მოცული ამბებია, გართობასთან არაფერი აქვს საერთო.


ოქროს კლასიკას ვგულისხმობ; არტურ კონან დოილი, ჯეიმს ჩეიზი, დიკ ფრესნსისი და უნიჭიერესი ბელგიელი, ჟორჟ სიმენონი რასაკვირველია. თუმცა ამ უკანასკნელის დეტექტივები ჟანრის ჩარჩოებს ნამდვილად სცდება, დამნაშავის არაჩვეულებრივ პორტრეტებს ხატავს. გახსოვთ „თავის საფასური“?! შენდა უნებურად დამნაშავის მხარეს აღმოჩნდები, სიმენონის სიმპათიებიც აშკარად მის მხარესაა.
ისე კი თავად სიმენონი სულ არ ჰგავდა თავის პირქუშ და მოკრძალებულ კომისარ მეგრეს. ლამის სექსუალური მანიაკის იმიჯი ჰქონდა, ათი ათასი ქალის კაცს ეძახდნენ და თავად ამბობდა, რომ დღეში მინიმუმ სამჯერ სჭირდებოდა სექსი.

ბევრი სისხლით მორწყული დეტექტივები არ მიყვარს. დახვეწილი უნდა იყოს, „წმინდა ინგლისური“, ამაში კი, ალბად დამეთანხმებით, დეტექტიური ჟანრის დედოფალს, მის უდიდებულესობას, აგათა კრისტის ბადალი არ ჰყავს.

შესანიშნავი ქალი იყო და შესანიშნავი წიგნებიც დაწერა. ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას და ვაშლის ჭამის დროს იგონებდა. ჭურჭლის რეცხვა ისეთი საქმეა, სულ მკვლელობაზე იწყებ ფიქრსო, ვაშლის ხრაშუნი კი სიუჟეტის განვითარების მოფიქრებაში ეხმარებოდა.
ჰოდა სულ ასე ვაშლის ხრაშუნით დაწერა მსოფლიოში ყველაზე მაგარი დეტექტივები. რაც ქართულ ენაზეა თარგმნილი ყველა მაქვს წაკითხული, რუსულად ერთი–ორი, ინგლისურად კი ბოდიში, ჩემი ინგლისური არ მეყოფა სამწუხაროდ.

ყველაზე მეტად მისი „ენდჰაუზის საიდუმლობა“, „მკვლელობა ქინგს ებოთშო“, „სიკვდილი უცნაურ სახლში“ და კიდევ ერთი მოთხრობა – „კოტეჯი ბულბული“ მიყვარს. ვერასდროს მიხვდები ვინ არის მკვლელი, ყველაფერი ფარდებჩამოფარებულ ოთახში უნდა გაირკვეს, სადაც ჩვეულებრივ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს და პატარა ბელგიელი, პუარო, ან თმაგათეთრებული, ცისფერთვალება მისს მარპლი მკვლელს დაასახელებენ.

ბრრრ...

რა სამწუხაროა, რომ 16 წლამდე მთელი ეს ამბები გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, მერე ცოტათი ხუნდება.

საოცარი ქალი იყო ნამდვილად. ნიჭიერი, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ამბობდა, ინგლისში ყავას ყოველთვის ისეთი გემო აქვს, თითქოს რომელიმე ქიმიური ცდის შედეგი იყოსო. ძალიან უყვარდა თავისი მეორე ქმარი, რომელიც მთელი 15 წლით იყო მასზე უმცროსი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ბედნიერები ყოფილიყვნენ.



ძალიან მომწონს მისი ერთი ციტატა: „ქალისა და მამაკაცის ურთიერთმიზიდულობა ყოველთვის გამაოგნებელი ილუზიით იწყება, თითქოს ყველაფერზე ერთნაირად ფიქრობთ.“

რა, ასე არ არის? :D

3 comments:

ნან комментирует...

vasasi @ მე კიდე სულ არ გამხსენებია ჩადუნელი, ეს სათაურიც ისე მოვიდა, მოულოდნელად :D

შორენ комментирует...

არ მეგონა ლიტერატურის მეტრები დეტექტივზე თუ იბზუებდნენ ცხვირს. რატომღაც არც მე მიყვარს დიდად დეტექტივები,თუმცა რასაც ვკითხულობდი ძალიან მიყვარდა.

nastasia комментирует...

adre vkitxulobdi xolme,klasikosebs :)
mere momcyinda tu klasika amovcure tu ra damemarta,ar vici,axla deteqtiuri janris filmebis yurebit shemovifarglebi ukve kai xania,isic celicadshi ramdenime da vsio