пятница, 25 декабря 2009 г.

შიშის, ჰომოფობიისა და მხარდაჭერის შესახებ


2009 წლის დასაწყისში "ბათუმელებში" ლელა გაფრინდაშვილის სტატია, "ნუ მოკლავ ჯაფარას" დაიბეჭდა. ერთ ადგილას ლელა ნათესავ ბიჭზე ყვება, რომელიც "საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალური პროდიუსერისთვის პიდარასტია, მისთვის კი მცენარეთა სულთამპყრობელი ბერბიჭა, Helichrysum ანუ იგივე უკვდავა." სტატია ინტელიგენტებისათვის სახელმწიფოს მხრიდან საახალწლო ინდაურით დასაჩუქრებას და პირველი არხის აწ უკვე გენერალური დირექტორის, ჭანტურიას განცხადებას ეხმიანებოდა.
სამწუხაროდ მე არ მყავს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ნათესავი ან მეგობარი (ან არ ვიცი ამის შესახებ), რომლის მაგალითზე შემეძლო უფრო გასაგებად და ადამიანურად დამეწერა. არ ვიცი რა გამოვა ამ პოსტიდან, რადგან ამ თემაზე საუბრისას ან საშინლად ვბრაზდები, ან საერთოდ, ხელები მეკვეთება. შემიძლია არ ვიკამათო პოლიტიკაზე, საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე, გავატარებ, ჯანდაბაში ჰქონია გზა! მაგრამ როცა სიძულვილით, ზიზღითა და შიშით საუბრობენ განსხვავებული ორიენტაციის ან რელიგიური რწმენის ადამიანებზე, ბრაზსა და სასოწარკვეთას ვერაფერს ვუხერხებ.
მე არ ვიცი როტომ სძულთ და ეშინიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების. ყველას ვეკითხები ამას, მაგრამ გონიერი პასუხი არ მიმიღია ამ კითხვაზე. "არ მძულს – მეცოდებიან", არ არის პასუხი. ამ "შეცოდებაში" ქედმაღლობა იმ დოზითაა, რომ უკიდურეს შემთხვევაში თანაგრძნობისთვისაც კი არ ტოვებს ადგილს. ჰო, თანაგრძნობაც ნებაყოფლობითია, ვერც სიყვარულს აიძულებ ვინმეს და არცაა საჭირო, მაგრამ შემზარავია ზიზღი და შიში, რომელიც გაუცნობიერებლად ჩაგვიდეს თავში ოდესღაც.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი "ინკლუზივი" დაარბიეს, იქ მყოფებს შეურაცყოფა მიაყენეს, ისე მოიქცნენ, როგორც ნაცისტები ექცეოდნენ ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში, თან პირჯვარს იწერდნენ და ამაზე ხმა არავის ამოუღია. განცხადება არ გაუკეთებია სახალხო დამცველის აპარატს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანების უფლებების დაცვა, არც ერთ გამოცემას, არც ერთ ტელეარხს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. რატომ? არასამთავრობო ორგანიზაციის დარბევა მასმედიის თოფ-თემა უნდა გამხდარიყო, მაგრამ...
გვეშინია ვითომ? გვეშინია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების შელახვაზე ხმამაღლა საუბრის, რომ ჩვენზეც არ თქვას ვინმემ, რატომ იცავს "ასეთი" ხალხის უფლებებს, ე.ი. თვითონაც "ისეთია", "ავადმყოფი" და "არასრულფასოვანი".
ტალღა, რომელიც ეს ბოლო თვეა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ აგორდა საქართველოში, ძალიან საშიშია. საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს "ბათუმელების" ჟურნალისტისთვის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დაბრალებით შანტაჟის მცდელობა, ქართული ნაციონალური არხების მიერ აშკარად შეკვეთით გაკეთებული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ქორწინების თემა და "ინკლუზივის" დარბევა. მეგობარმა მითხრა, რა გინდა, ხო ხედავ ქართული პოლიტიკა რა ოსტატურად იყენებებს ჩვენს არასრულფასოვნებას და სიბნელეს, ხმასაც არავინ ამოიღებს ჰომოსექსუალების დასაცავად, ყველას შეეშინდება, არ თქვან ეგეც ავადმყოფიაო.
თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ ჰომოსექსუალიზმი ერთგვარი ავადმყოფობა იყო, ნორმიდან გადახრა, თუმცა შიში არასდროს მქონია. შიშს ყოველთვის იმ ადამიანების მიმართ ვგრძნობდი, ჰომოსექსუალებს ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას რომ უწინასწარმეტყველებდნენ (რატომ ადგენს ხალხი საკუთარი ინიციატივით სამოთხის და ჯოჯოხეთის სიებს ვერ გამიგია), პირზე დორბლმორეული რომ აგინებდნენ "პიდარასტებს", იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც ვიღაც ბიჭს აუპატიურებდნენ დასამცირებლად (ჩემი თანაკურსელი ცხოვრობდა ზღვის პირას და ერთხელ ზამთარში დაინახა, რამდენიმე ბიჭი როგორ აუპატიურებდა ვიღაცას, რომელიც შველას ითხოვდა. შეძრწუნებული იყო, თუმცა აზრად არ მოსვლია ტელეფონი აეღო და პოლიციაში დაერეკა) და მერე ამაზე იცინოდნენ. ჰომოსექსუალიზმი ყოვეთვის შეურაცყოფასთან, უსამართლოდ დამამცირებელ მდგომარეობასთან ასოცირდებოდა ჩემთვის და არა ფერად, ფისარტყელას ფერებით აჭრელებულ დროშასთან და თავისუფალ ადამინებთან.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცვლებით. ზოგჯერ უკეთესისკენაც კი.

2007 წელს ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" "წერილი ჩემს შეფს" დაიბეჭდა, ერთი ბიჭის ძალიან მგრძნობიარე ამბავი. არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე. მერე თბილისში ჩემს მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, ეხლავე გადი, ჟურნალი იყიდე და წაიკითხემეთქი. ის კარგი ადამიანია, მაგრამ ცოტა ჰომოფობი. დამირეკა, წავიკითხეო. ზუსტად ვიცი, რომ მისი წარმოდგენა შეიცვალა. "ინკლუზივის" ამბების შემდეგ სტატია მოვძებნე და ფეისბუქზე დავდე. ამ წუთას ჩემი თანამშრომელი კითხულობს და რა კარგი წერილიო, მითხრა ხმაგაბზარულმა.
დასაწყისში ლელა გაფრინდაშვილის სტატია ვახსენე. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დამირეკა. "უბრალო" ადამიანები არიან, როგორც ქართული ტელეარხებს უყვართ თქმა, არც ფორუმების და არც სოციალური ქსელების არსებობის შესახებ იციან არაფერი და არც სიტყვა "ჰომოფობიის" მნიშვნელობა. მითხრეს რომ სტატია ძალიან მოეწონათ, ერთმა – განსაკუთრებით იმ ნაწილმა იმოქმედა, სადაც ავტორი თავის ნათესავ ბიჭზე ყვებაო და გაგრძელება არ იქნებაო? – ჩამეკითხა.
გაგრძელება იქნება, მაგრამ როგორი, ჩვენზეა დამოკიდებული.

3 comments:

Anonymous комментирует...

რომელი იყო პიარი? ესეც პიარია?

Natosha комментирует...

ნან, ძალიან კარგი პოსტია.
ჰომოფობებთან, ქსენოფობებთან, რასისტებთან,სექსისტებთან შეხებისას, საშინელი აგრესია მიჩნდება. რეალურად, დღეისათვის მხოლოდ ამ კატეგორიების მიმართ მიჩნდება საოცარი გაღიზიანებისა და ზიზღის შეგრძნება.

ამ პოსტს რომ ვკითხულობდი, ვინანე, რომ დღეისათვის ბლოგებს, სერიოზულად მააქსიმუმ 500 კაცი უყურებდეს საქართველოში :(

gabo комментирует...

ნან ეს რა მაგარი სტატია გაიხსენე . თავის დროზე მეც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული . და ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი დიდწილად ამ სტატიამაც განსაზღვრა მაშინ გავიაზრე რომ ისინი ავად არ არიან და ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან როგორიც სხვები უბრალოდ განსხვავებული სექსუალური ჩვევები აქვთ.