среда, 9 декабря 2009 г.

რიოს შობა ღამის სიზმრები

რიო, უფრო ზუსტად რიონ, ერთი ბეწო სოფელია პატრასთან ახლოს. აქედან პატრამდე ავტობუსით 20 წუთის გზაა. სანამ პატრაში ჩახვალ, გადახრუკულ მინდორზე უნივერისტეტის კორპუსებია, სადაც ცხრა თვე ბერძნულ ენას, ცოტა ლიტერატურას და უნებურად ინგლისურსაც ვსწავლობდი.
სასტუმრო Rion Beach Hotel ზედ ზღვის პირას იდგა. ნომერს არა უშავდა, ტელევიზორი ქვემოთ, ჰოლში იდგა, სადაც საღამოობით ვიკრიბებოდით და რამე საინტერესოს პოვნის იმედით პულტს და ერთმანეთის ნერვებს ვაფუჭებდით.
საახალწლოდ სტუდენტების უმრავლესობა წავიდა. სასტუმროში ცოტანი დავრჩით, სწავლა ერთი თვით შეწყდა და მთელი დღეები თავს ინტერნეტით ან ბიბლიოთეკის კატალოგების ჩხრეკით ვირთობდი.
23 დეკემბერი იყო. ბიბლიოთეკაში რვა საათამდე დავრჩი. სითბო იყო, სინათლე და სულ რამდენიმე ადამიანი პატარა, კომფორტულ მაგიდებთან. გარეთ ცივი, ქარიანი ამინდი იყო. უკაცრიელ, ფართო გზაზე მოვდიოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი სამყარო ცივი, ცარიელი და ქარიანი იყო, ეს გზა კი არასდროს არ დამთავრდებოდა. უცნაური შეგრძნება იყო, დაღლილობის და მიუსაფრობის კი არა, რაღაც საბედისწერო გარდაუვალობის, ლამის მითოლოგიური. ჩავუარე ავტობანს, ბოშების პატარა ბანაკს და რიოს შესახვევიც გამოჩნდა, ნათელი, მშვიდი, თითქმის მშობლიური.

რიოს პატარა ქუჩებში ქარი ისე აღარ ზუზუნებდა. სახლების უმეტესობა ფერადი ნათურებით იყო მორთული, ეზოებში ფორთოხლისა და ზეთისხილის ხეებზე მინის და ლითონის ზანზალაკები და სამშვენისები წკრიალებდნენ. ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც მულტიპლიკაციურ ფილმებში, ან საშობაო ღია ბარათებზეა. უცებ ისე ვიგრძნენი თავი, როგორც ბავშვობაში, უმიზეზოდ რომ მიხაროდა ახალი წელი.

სასტუმროში თბილოდა. ჰოლში საყვარელი სიბილი ფეხბურთს უყურებდა. თურქეთის ნაკრები აგებდა და სი პერიოდულად გემრიელად იგინებოდა თურქულად.

ჩვენს ოთახში ნინო წიგნს კითხულობდა. ამომხედა: – ჩაი გინდა? კი–თქო თავი დავუქნიე. აივანის კარზე ძველებური ხის ჟალუზები ბოლომდე იყო დახურული. არაფერზე გვისაუბრია იმ საღამოს. ვიჯექი, ცხელი ჩაის ჭიქაზე ხელებს ვითბობდი და რაღაც მიხაროდა.


პ.ს. გაზაფხულზე რიოში ხასხასა წითელი და იასამნისფერი ყვავილები იწყებენ ყვავილობას. ზღვა ძალიან ახლოსაა და ძალიან ცისფერია. ხშირად მესიზმრება რომ იქ ვარ, ლიფტით ავდივარ მეორე სართულზე, მაგრამ ჩემი ოთახის ნომერი აღარ მახსოვს. მართლა აღარ მახსოვს რა ნომერში ვცხოვრობდით. ხანდახან ისიც არ მჯერა, მართლა იყო თუ არა ეს ყველაფერი...


პ.ს. –ის პ.ს. პოსტი და სიმღერა ეძღვება არასენტიმენტალურ და ეჭვიან ადამიანებს, რომელთაც არ უყვართ შობა–ახალი წელი. :) არც მე მიყვარს, მაგრამ მინდა წელს მაინც დავიბრუნო სიხარულის და ბავშვური აღტაცების შეგრძნება. :) მართლა, ფილმი, რომლის საუნთრექსაც აუცილებლად მოუსმინეთ, ნანახი არ მაქვს. ღირს ვითომ?!


[youtube http://www.youtube.com/watch?v=Zs0SXMtCy3c&hl=en_US&fs=1&]

3 comments:

xissunianisaxli комментирует...

კარგი ფილმია, მაგარი საუნდთრექებით :)
მე სულ, სულ მაქვს ბავშვური აღტაცება ახალი წლის მოსვლის წინ და ძველებურად როგორც ბავშჳობაში ფანაჯარასთან მდგომი ვუცდი ხოლმე თოვლს.

პ.ს ქალაქზე ისტორია არ დამვიწყებია

ჯორჯ პაიკი комментирует...

ეგ მგონი ყველაზე კარგია, როცა ზუსტად არ იცი რა გიხარია, მაგრამ მაინც გიხარია. :)

Anonymous комментирует...

ვოხერო ბაღანა...209–ე იყო. რისი ყვითელი სურნელი გამოდიოდა იმ ოთახიდან, თუ გახსოვს?