понедельник, 23 ноября 2009 г.

ქალაქები ღია ბარათიდან


ადრე ღია ბარათებს ვაგროვებდი. ჭრელაჭრულა საახალწლო ბარათებს, ყვავილებს, ფოთლებს, ქალაქებს, ათას სისულელეს... ნაწილი ახლაც შემომრჩა, მაგრამ იშვიათად ვათვალიერებ.
არასოდეს მქონია ღირშესანიშნაობებიანი ღია ბარათები, ეიფელის და პიზის კოშკი, კოლიზეუმი, პირამიდები, აკროპოლისი და ასე შემდეგ. რაღაც უფრო უბრალო და ადამიანური მომწონს; ძველი საპარიკმახერო საბერძნეთის რომელიმე ნაკლებადტურისტულ კუნძულზე, ყვავილების ბაზრობა, მეთევზეები, რომელიმე უმნიშვნელო ქუჩა დიდ ქალაქში... აი ისეთი, შენც რომ ყოველდღე ხედავ და ვერ ამჩნევ.
ბერლინშიც ვცდილობდი უმნიშვნელო რამეები გადამეღო. ფოტოაპარატთან ჩემი ურთიერთობა ცალკე საკითხია, მაგრამ მაინც, ვცდილობდი რაღაცას.
წინა პოსტში ისე გამოვიდა, თითქოს ბერლინი არ მომეწონა. ასე არ არის, ძალიანაც მომეწონა და ცოტა შემიყვარდა კიდეც. ეს როგორი გრძნობაა იცით?! აი ვინმე კარგ ტიპს რომ გაიცნობ შემთხვევით, ცდილობ რაც გაქვს ის დრო მაქსიმალურად გამოიყენო მასთან ურთიერთობისთვის, თანდათან უფრო მოგწონს, იმასაც ხვდები, რომ შესაძლოა ვერასოდეს შეხვდე და ძალიან გწყდება გული. დაახლოებით ასეთი გრძნობები მიჩნდება ხოლმე უცხო ქალაქში რამდენიმე დღით ყოფნისას. ამიტომ არ ვეტანები ტირაჟირებულ, ტურისტულ ადგილებს. პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბები უფრო მაინტერესებს.




ბერლინში მომინდა სწავლა. კარგია დიდ, ცივ და უცხო ქალაქში ცხოვრება ცოტა ხნით. მეტროთი და ავტობუსით ხეტიალი, საკუთარი სიმარტოვის შეგრძნება და ისეთ რამეებზე ფიქრი, სახლში თბილად მყოფს რომ არ გაგახსენდება.


მომეწონა ბერლინის შემოდგომა. ამდენი ჭადრის და ნეკერჩხლის ბაღი არასოდეს მინახავს ქალაქში. არც მოვლილი და სტერილური ქუჩებია, სიგარეტის ნამწვებიც ყრია და წითელზეც კი გადადიან. სულ ცივა და ხელები გეყინება.

ბერლინის სახელდახელო, ერთდღიან კედელთან ლუდი, სოსისი და რაღაც სასუსნავები იყიდებოდა. ჯოხზე წამოცმული წითელი ვაშლები ვნახე, მგონი კარამელში იყო ამოვლებული. ძალიან მომინდა ყიდვა, მაგრამ ნესტანმა დაიწყო, აბა ეგ რად გინდაო და ეგრევე დავნებდი. ეჰ... არადა ისეთი ვაშლები იყო... ბავშვობის წიგნებიდან. :)))

კი, ბერლინი გავს ქალაქს ჩემი საყვარელი ღია ბარათებიდან.

2 comments:

Anonymous комментирует...

აი, ბერლინალეზე თუ წავედი, ჩამოგიტან მაგ ჯანდაბა ვაშლს და მაგის მერე ხმას აღარ გაგცემ არასოდეს

არადა მაგისთვის როგორ წავიდე? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

მამალიც პრიალებს ისე :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

ნან комментирует...

vasasi@ უჰ ყველგან წახვალ, არ იდარდო!