вторник, 17 ноября 2009 г.

ხუთი დღე და ოთხი ღამე ბერლინში





ჩასვლისთანავე სასტუმროს ჰოლში ბერლინის რუკა, მუზეუმების პატარა საინფორმაციო ბარათები და ბუკლეტები ავიღე, სადაც ეწერა, სად რა ხდებოდა იმ დღეებში ბერლინში. მუზეუმებში წასვლას რომ ვერ მოვასწრებდით, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ მაინც, იქნებ მოგვეხერხებინა სადმე შერბენა და სწრაფ ტემპში ერთი წრის დარტყმა.

ბუკლეტებს რომ გადავხედე, ყველაზე მეტად მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე დამწყდა გული. ფესტივალზე დახურვის დღეს მაინც მოვხვდით. ღამის ათი საათი იყო, მესამედ რომ დავარტყოთ წრე ანძას სასტუმროს ძებნაში, პატარა კინოთეტრი დავინახეთ: "ბაბილონი", ფილმების ნაწილი აქ გადიოდა. პრესკატები გვქონდა, მაგრამ არავის არაფერი მოუთხოვია. პატარა, ძალიან საყვარელი დარბაზი იყო, სულ გაჭედილი. წამყვანები იდგნენ სცენაზე, ბიჭი გერმანულად ლაპარაკობდა, გოგო იდეაში უნდა ეთარგმნა ინგლისურად, მაგრამ თავს არ იწუხებდა. ძალიან სასაცილო და საყვარელი სიტუაცია იყო, ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე; ბერლინში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ლუდს ვწრუპავდი, მოკლედ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. :)


ბერლინში ტომპსონის ცენტრის, "ბიბიჯის", ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის მოწვევით წავედით კონფერენციაზე, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავს ეძღვნებოდა. დაახლოებით ერთი თვე წინასწარ მიხაროდა ეს მოგზაურობა, მითუმეტეს, რომ "ბათუმელებიდან" სამნი მიგვიწვიეს, ანუ ქართული მედია საშუალებებიდან ყველაზე ბევრნი ჩვენ ვიყავით :)

უშუალოდ კონფერენციას რაც შეეხება, ჩემთვის საინტერესო იქ მყოფ ჟურნალისტებთან ურთიერთობით და შეხვედრის ადგილით იყო. Ver.di - გერმანიაში ერთ–ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანებაა, ორ მილიოზე მეტი წევრით. უზარმაზარი, ცივი შენობა ბერლინის კედლის ადგილას დგას, აღმოსავლეთ ბერლინში.


საერთოდ ვერაფრით გავერკვიე ამ უკვე არარსებულ საზღვრებში. როგორც მითხრეს ჩვენი სასტუმრო აღმოსავლეთ ბერლინში იყო და ძირითადად იმ ერთ უბანში დავეხეტებოდით.
ზუსტად ტურისტივით ვიქცეოდი. დღეში მინიმუმ ექვს საათს დავდიოდი ფეხით და ყოველ წუთას ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებდი. არადა ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი ხოლმე. უცხო ქალაქში ცოტა ხნით ჩასული რამდენიმე ქუჩას და ერთ–ორ კაფეს ავიკვიატებ და იქ დავდივარ. ჩემების დამსახურება იყო ძირითადად ამდენი წანწალი.

ვერ ვიტყვი რომ ბერლინმა აღმაფრთოვანა. არ მიყვარს დიდი ქალაქები, უფრო სწორად რაღაც უცნაური, აუხსნელი შიში მაქვს დიდი ქუჩების და ღია სივრცეების. არც ღირშესანიშნაობების სანახავად გავრბივარ თავგუდმოგლეჯილი, უხეირო ტურისტი ვარ ერთი სიტყვით.

1 comments:

xissunianisaxli комментирует...

ნანა დიდი მადლობა მიწვევისთვის :)
არსებობს პირადი ისტორიები რომელიც ქალაქებს უკავშირდება(მაგალითად ისეთი როგორიც შენ გაქვს) მე კიდე მასეთი არ მაქვს იმიტომ რომ არსად არ ვარ ნამყოფი :)
სამაგიეროდ წარმოსახვითი ისტორიები მაქვს უხვად :D