воскресенье, 25 октября 2009 г.

მჟავე დე–ჟავიუ

ბათუმიდან ზუსტად რვა საათზე გავედით. დაახლოებით 15 წუთი მოვანდომე თბილისში ერთდღიანი ვიზიტისთვის მომზადებას. უცებ ჩავყარე ჩანთაში საჭირო ნივთები და კისრისტეხით გავიქეცი ავტოსადგურში. გავიქცეოდი აბა რა, 8–ზე მარშუტკა გადიოდა და რომ მივდიოდით მხოლოდ შვიდის ნახევარზე გახდა ცნობილი. კი გავაპროტესტე, ასე დასტრესილი არ შემიძლია მეთქი, მაგრამ ნესტანმა შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან, "ნელი ხარ, ნელიო" – დამაყვედრა და ხომ უნდა დამემტკიცებინა საპირისპირო.
ძალიან დიდი ხანია არ მიმგზავრია სამარშუტო ტაქსით ბათუმიდან თბილისამდე და ამ მგზავრობასთან დაკავშირებული უხერხულობები აღარ მახსოვდა. ღმერთმა გადმოგვხედა და მძღოლს მუსიკა არ ჩაურთავს – ერთი პლიუსი ჩვენს სასარგებლოდ.
საშინლად გვშიოდა. იმ წუთიდან რაც მარშუტკაში მოვკალათდით სულ საჭმელზე ვლაპარაკობდით და ბოლოს როცა დაწვრილებით დავიწყე ჩემი მეგობრის საფირმო კერძის, მაიონეზისა და ტომატის სოუსიანი მოხარშული კართოფილის რეცეპტის მოყოლა, მივხვდი, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო.
სადღაც ზესტაფონთან მარშუტკა პატარა სასაუზმესთან შეჩერდა. "ოსტრი", საეჭვო ხარისხის კატლეტები და კიდევ რაღაც–რაღაცაები. შევუკვეთეთ ჩაი და სამი ხაჭაპური და სანამ შეკვეთას ველოდებოდით, ძველებურ მინის დახლში იაფფასიან თეფშზე დალაგებულ მჟავეს ასორტს მოვკარი თვალი და მივხვდი რომ დე–ჟავიუ დამეწყო. სადღაც, ოდესღაც მინახავს ეს მჟავე, ეს კედლებიც, გახუნებული მუშამბით დაფარული მაგიდებიც და გამახსენდა! მეათე კლასი, წითელი იკარუსი, დედაჩემთან ერთად მივდივარ თბილისში, ყბაყურა მაქვს, ძალიან გვშია, შემოვდივართ ამ კაფეში, დედა ამბობს, რომ ყველაზე უსაფრთხო აქ შეიძლება მჟავე და პური იყოს და მხოლოდ ამას ვყიდულობთ...
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რამდენი სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი და მანქანა ჩერდება ამ კაფესთან, ვერავინ დამარწმუნებს, ისე უჭირთ სასაუზმის მფლობელებს, რომ ვერ ცვლიან იმ საზიზღარ დახლს, თეფშებს, ვერც მენიუს აახლებენ და არც ადამიანურად მომსახურება არ შეუძლიათ. ამდენი ხნის მანძლზე მხოლოდ რადენიმე დეტალი იყო შეცვლილი: ჰაიჰარად, ძოწისფრად შეღებილი კედლები, პლასტმასის რამდენიმე მაგიდა და ფერადი ჩაის ჭიქები. დანარჩენი იგივე,მჟავეს ასორტის, თხლად დაჭრილი პურისა და დახლზე იდაყვით დაყრდნობილი მებუფეტე ქალის ჩათვლით.
ჩვენი შეკვეთილი ხაჭაპურის ერთადერთი ღირსება ის იყო, რომ ოხშივარი ასდიოდა. ძალიან კი გვშიოდა, მაგრამ სამს მაინც ვერ მოვერიეთ. სასწრაფოდ დავლიეთ ჩაი და მარშუტკისკენ გავქანდით.
ღამის ორზე თბილისში ვიყავით. უკან მეორე დღეს დავბრუნდი. ამჯერად მატარებლით.