пятница, 11 сентября 2009 г.

ჩემი ბერძნული (love) story


კარგი ბიჭი იყო ისე. სახეზე სულ თმა ჰქონდა ჩამოყრილი და სანამ მოტოციკლეტის ჩაფხუტს დაიხურავდა, თმას რეზინით იკრავდა. რაღაც ძაან სასაცილოდ აკეთებდა ამას. ჩაფხუტის დახურვა არ უყვარდა მანდამაინც, მაგრამ თუ სადმე შორს მივდიოდით, არ რისკავდა, ათენში ისედაც გიჟური მოძრაობაა და ეს კიდევ სულ აწყვეტილი დადიოდა. 16 წლიდან მოტოციკლეტზე ვზივარ და ასე მშვიდად ლოგინშიც არ მძინავსო, მაგრამ მაინც.
განსაკუთრებული არც არაფერი ყოფილა.მეგობრობა, ცოტა ფლირტი და კაფეში ან ქუჩებში გატარებული კვირა საღამოები გვაკავშირებდა.
ახალ წელს ისიც ვერ იტანდა, ამიტომ პირველ იანვარს მე მეგობრებს გავექეცი, ის ბერძნულ, ოჯახურ "კალანდას" და მთელი ღამე კარუსელებზე ვიჯექით ლუნა პარკში. ჩვენს გარდა კიდე რამდენიმე გადარეული იყო ლუნა პარკში. საშინელებათა მატარებელში ვიჯექით და ვხარხარებდით რაღაც ჩონჩხები და აბლაბუდები რომ ცვიოდა ყველა კუთხიდან. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ სიმაღლის ეშინოდა, მომიყვა რატომაც და მგონი მეც სამუდამოდ გადამდო თავისი შიში. მერე "ღირო" და ლუდი ვიყიდეთ და უკაცრიელ, პატარა სკევრში ვჭამეთ. ციოდა. ვეწეოდით და ამერიკულ ვერტერნებზე ვლაპარაკობდით, სანამ ცხვირპირი არ გაგვეყინა. მერე ჩემი კაშნი ვაჩუქე. ისედაც ქვეყნის კაშნები მქონდა, სულ ფერად–ფერადი.

მერე გაზაფხულიც მოვიდა. "მარუსში" კრეპების საჭმელად დავდიოდით ხანდახან პატარა, მყუდრო კაფეში,ან კიდე ათენის ნაციონალურ პარკში იხვების სანახავად. რაღაც საცოდავი, გაპუტული იხვები იყო. უფრო გვიან სადმე კაფეში, ისეთს ვარჩევდით სადაც ცოცხალი მუსიკა ან დიდი ეკრანი იყო და რამე სპორტულ მატჩს აჩვენებდნენ, ვწრუპავდით ფრაპპეს, "საშუალოდ ტკბილი, რძიანი" – ახლაც მახსოვს. ერთხელ თაფლიანი ჩაი მოვითხოვე და აღფრთოვანდა, ეგ ქართული ნაციონალური სასმელიაო? ერთხელ საერთოდ იაპონელს გავხარო გამოაცხადა, რატომ – არ იცოდა. არადა არანაერად არ ვგავარ იაპონელს. ჰო, თაფლი არ ჰქონდათ იმ კაფეში და ლიმონი მოგვიტანეს.
გვიან გაზაფხულზე უკვე მეტსახელი მოვუგონეთ ერთმანეთს. მე კაკტუსს ვეძახდი, ის "მიღას" (მიღა – ბუზია ბერძნულად). სულ ჩემი შავი სათვალის ბრალი იყო ეგ მეტსახელი, ნახევარ სახეს მიფარავდა იმხელა იყო.
სექტემბერში წამოვედი. არადა სულ შემოდგომაზე მეწყება ხოლმე ლავ სთორები. დიდხანს მირეკავდა აქეთ, თითქმის ორი წელი. ერთი–ორჯერ მივწერე კიდეც, თვითონ არასდროს მოუწერია, დისკებს მიგზავნიდა, ახალ, კარგ სიმღერებს.
ჰო, ბოლო შეხვედრაზე კაკტუსი ვაჩუქე. ადგა და ბლოკნოტში ჩამიხატა გაბრაზებული, მოღუშული კაკტუსი, ქვემოთ მიაწერა: "ნუ ბრაზობ ხოლმე".


3 comments:

Anonymous комментирует...

ჰმ, საინტერესოა, ახლა რატომ დაწერე ეს. ძააალიან საინტერესოა :D
მომენატრე ძაან!!!!!!!!
სიარულით ქანცგაწყვეტილი – ბერლინიდან
ჰო, კიდევ მიგდებული

Anonymous комментирует...

ჰო, კიდევ, ამ დამჭკნარი ფოთლებს, კარუსელი დაგედო არ ჯობდა? :))) მოაშორე, პლეასსსსს

Anonymous комментирует...

ra kargi istoriaa... :)