среда, 19 августа 2009 г.

დღესვე შემიძლია ორთქლი გაჩუქო..


რა გააკეთა?
კარზე ნალი ჩამოკიდა,
მიახედა სიყვარულისკენ,
საიდუმლო თვალებით უთხრა:
"მზამზარეული ფრთები არ მაქვს,
მაგრამ დღესვე შემიძლია ორთქლი გაჩუქო,
ხვალ კი ალამი,
მზამზარეული ფრთები არ მაქვს,
კაცი ვარ და ჰალსტუხს ვატარებ,
წვერს ვიპარსავ,
კატას ვაპურებ.
ხელობაც ვიცი:
დეციმეტრული ანტენების დაყენება
(პურს ამითა ვჭამ),
ხოლო ზეგ თუ აუცილებლად წვიმა მოვა,
იმ ანტენას ქოლგად გაჩუქებ
და თან გეტყვი:
მზამზარეული ფრთები არ მაქვს,
მაგრამ გუშინწინ ორთქლი გაჩუქე,
გუშინ ალამი,
დღეს კი ისინი ჩემი ნებით
წვიმად მოვიდნენ,
რათა აეხსნათ შენთვის, რომ თუმცა
მზამზარეული ფრთები არ მაქვს,
მაინც რაღაც შემიძლია
ჩვენი გულისთვის".

რა გააკეთა?
არაფერი თითქოს ისეთი:
ველოსიპედი მიაყენა კარის ზღურბლთან,
ფანჯრის რაფაზე ობლის კვერები ჩამოალაგა.
შუა ეზოში, ორ ხეს შორის
მეთევზეების ძველი ბადე
ჰამაკივით გააბა და გააქანავა.
სახლში შევიდა,
სადღაც, კუთხეში მიწყობილი ფიცრები ნახა,
გარანდა და გამოჭედა
განიერი, გრძელი საწოლი.

რა გააკეთა?
არაფერი, ჩაიდანი დადგა ცეცხლზე
და როცა წყალი ადუღდა, უთხრა:
"მზამზარეული ფრთები არ მაქვს,
მაგრამ დღესვე შემიძლია,
თუ იკადრებ,
ორთქლი გაჩუქო..."


პ.ს.არ ვიცი ვინ არის ლექსის ავტორი. ოდესღაც "მაჩუქეს" და მიყვარს.