среда, 22 июля 2009 г.

მერცხლები ბუდეებს აღარ უბრუნდებიან


"დედა, რატომ არ ესალმებიან ადამიანები ქალაქში ერთმანეთს?" ამ კითხვის ავტორი ერთი სერბი გოგოა, მილენა, რომელმაც ბავშვობა სოფელში გაატარა, სადაც ყველა იცნობდა ერთმანეთს. ბელგრადში ჩამოსული მილენა  თავიდან ყველა გამვლელს ეუბნებოდა გამარჯობას, ისე როგორც სოფელში, სადაც ხშირად უცნობებიც ესალმებიან ერთმანეთს.

ბავშვობის 5 წელი მეც სოფელში გავატარე. არ იყო კარგი ხუთი წელი. ჩემები ბათუმში, მე ბებოსთან. ყოველი შაბათი დღესასწაული იყო – ჩემები ჩამოდიოდნენ! დილიდანვე სადღესასწაულო განწყობა მქონდა. მატარებელი თერთმეტის ნახევარზე მოდიოდა, საათის ისრები კი არ იძვროდენ. ვიტანჯებოდი ერთი სიტყვით.

მძულდა ყოველი კვირა საღამო, როცა მთელი ოჯახი ერთად ბრუნდებოდა ბათუმში. ასე მეგონა, რომ ბათუმი იყო "აღთქმული მიწა",  სადაც ყოფნა რაღაცით უნდა დაისახურო. არაფრის მოსმენა არ მინდოდა, მთავარი იყო ჩემს დას და დედაჩემს არ მოვშორებოდი, რომ არ წასულიყვნენ. რაღაცნაერად მაინც ახერხებდნენ გაპარვას.

სოფელში, პირველ სართულზე, ღია აივანზე, მერცხლების ხუთი თუ ექვსი ბუდეა. ბავშვობაში, როცა მთელს ზაფხულს ბებიასთან ვატარებდით მე და ჩემი და, მერცხლების ორი ოჯახი მაინც გვყავდა თავისი ჯალაბობით. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ბარტყი ბუდიდან ვარდებოდა და იღუპებოდა. რამდენი პატარა მერცხალი მყავს დაკრძალული, ვინ მოთვლის. ერთ–ერთი მათგანი ჩემი საყვარელი სათამაშოს კოლოფში ჩავდე და ისე დავმარხე. საფლავზე ყვავილებიც დავრგე, ნარცისები.

ნარცისები გამრავლდნენ და ყოველ გაზაფხულზე ის ადგილი სულ ყვითელი ყვავილებითაა გადაპენტილი. ეგაა, რომ სოფელში სულ უფრო იშვიათად ჩავდივარ. იქ ახლა მარტო ბებო ცხოვრობს, ტატა. 87 წლისაა, ძალიან ცისფერი თვალები აქვს, ულამაზესია და სულ ვენატრები. მერცხლები კი წლებია აღარ ცხოვრობენ ჩვენს აივანზე. ტატა ამბობს, რომ სახლში სადაც ბავშვების ხმა არ ისმის, მერცხლებს არ უყვართ ყოფნა.

ხანდახან ვცდილობ აღვიდგინო: ზაფხული, დილა, ოთახში შემოჭრილი მზის სხივები, ადუღებული რძის სუნი, ხმები...

თანდათან უფრო მიჭირს ამ ყველაფრის დაბრუნება.


3 comments:

Anonymous комментирует...

ჩემი ბავშობა გამახსენდა...ეჰ როგორ მომენატრა ეს ყველაფერიიი
მეც სოფელში გავიზარდე...

Anonymous комментирует...

:) ნუ ეს კომპლექსები რა :)

Anonymous комментирует...

ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ სოფელში... არ მიყვარს ქალაქში ულაზათოდ აყუდებული კორპუსები და სხვა მსგავსი არაფრისმთქმელი ნივთები...
იქ, სოფელში (ჩემს სოფელში), ყველაფერი ისე არის როგორც მინიმუმ 100 წლის წინ იყო, თითქოს დრო და სივრცე გაიყინა.