четверг, 2 июля 2009 г.

ჩემი "დაკარგული" მეგობრები




გუშინ ადრიანად ვაპირებდი დაძინებას, მაგრამ შევრჩი ტელევიზორს და ვუყურე ფილმს, რომლის სათაური არ  ვიცი და ნუ გეშინიათ, არც შინაარსის მოყოლას არ ვაპირებ. ფილმი მეგობრებზე იყო და დაახლოებით ასეთი ფრაზით მთავრდებოდა: "შეიძლება წლობით ვერ ნახო ადამიანი, ან სულაც გარდაცვლილი იყოს, მაგრამ ერთხელაც შეხვდები და იცი, რომ ისევ მეგობრები ხართ." 

დღეს დილით გამახსენდა ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი თითქმის ათი, მეორე კი შვიდი წელია არ მინახავს. მირიამი და რიკა. 

ორივე ათი წლის წინ პატრაში გავიცანი. მე და მირიამი ერთ ჯგუფში ვწავლობდით. ერთადერთი გერმანელი იყო ქართველებს, სერბებს, უკრაინელებსა და ბრაზილიელებს შორის. ძალიან კომუნიკაბელური იყო, უშუალო და გულწრფელი. ბერძნულად ძაან საყვარლად ლაპარაკობდა, "რ"–ს ნაცვლად "ღ" – ს  ამბობდა და რადგან ბერძნულში "რ"–ები და "ღ"–ები კარგა ბლომადაა, ხანდახან ვერ ხვდებოდნენ რისი თქმა უნდოდა, არადა ენა  კარგად იცოდა .  ეს დეტალი  კიდევ უფრო საყვარელ ადამიანად აქცევდა , მითუმეტეს, რომ მე "ს"  და "ც" –ს წარმოთქმისას "ვწვალობ" ცოტას, ასე რომ  ლოგოპედიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.   

მირიამი არის ყველაზე სენტიმენტალური ადამიანი მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. რამდენიმე წლის მანძილზე ერთგულად უყვარდა ერთი ბერძენი ბიჭი, რომელიც ჩემი აზრით, კაი ნაბიჭვარი იყო და მთელს ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ გერმანელი გოგო ჰყავდა.  მირიამი კი იყო ბრმა და ყრუ, ერთი სიტყვით უგონოდ შეყვარებული და მუდმივად დეპრესიაში მყოფი. ვთქვათ, გავიდოდით სადმე, ყავის დასალევად; ვხალისობთ, კარგად ვერთობით და უცებ, მოულოდნელად ცრემლები მოდის  – ფანი ახსენდება... :((  უჰ, ვერ ვიტანდი იმ ფანის!  

მირიამი მთელი წლის მანძილზე ებრძოდა ჩემს საზიზღარ ჩვევას, დილით დაგვიანებას. რამდენიმეჯერ ჩამიტარა ლექცია ამ თემაზე და ვერაფერს რომ ვერ გახდა, ყოველ დილით, მხოლოდ იმის გამო, რომ მე დაგვიანებით არ მივსულიყავი ლექციაზე, ზედმეტ სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით,  მაკითხავდა სასტუმროში, მაღვიძებდა და მივყავდი. ძალიან უსინდისო ადამიანად ვგრძნობდი თავს, მაგრამ თვითონ ბედნიერი იყო – ვერ ვიტან რომ აგვიანებ, ასე სჯობსო – ამბობდა. 

რიკა მირიამმა გამაცნო, თვითონ მას მანდამაინც არ მოსწონდა, დიდი უცნაური გოგოაო. რიკა მართლაც იყო ცოტა უცნაური. ძალიან გამხდარი, ფლეგმატური ფინელი თეთრი ყვავივით გრძნობდა თავს და ამაზე თვითონაც კარგად ერთობოდა.  საბერძნეთი ძალიან უყვარდა,  ერთხელ აქ გათხოვდა კიდეც. ვიღაც პაკისტანელ სტუდენტს გაყვა ცოლად, სახელი აღარ მახსოვს, კაი ბიჭი იყო ისე... მაგრამ მალევე გაშორდა, იმ ბიჭს პაკისტანში ცოლი ჰყავდა  და რიკასთვის არ უთქვამს.  

რიკა განსაკუთრებით მიყვარდა. შეიძლება იმიტომ, რომ  გულჩათხრობილი იყო, თავის "უბედურებებზე" უემოციოდ ყვებოდა, თვითირონიული და  უკომპლექსო... მოკლედ ჩემსაგან ძალიან განსხვავებული. გვქონდა კოდური სიტყვა – "მუჰ", რაც ძალიან კარგს ნიშნავდა... სულ სადღაც დამათრევდა;  რაღაც უცნაურ დაბადების დღეებზე, სადაც ჩემი ინიციატივით არ არსებობს წავსულიყავი, გამოფენებზე, ქალაქის მიყრუებულ ქუჩებში ძველი, დანგრეული სახლების სანახავად... მირიამი არ მოდიოდა, არ მაინტერესებსო და ამის გამო სულ დასცინოდა. 

ეს ყველაფერი ხდებოდა 2000 წელს. ღმერთო, რა ბებერი ვარ :)  მას შემდეგ მირიამი არ მინახავს, რიკა კი 2002 – ში ვნახე ათენში, ერთი დღით. დამირეკა, პატრაში ვარ და ათენში ჩამოვალ შენს სანახავადო. შევხვდით კაფეში და მთელი დღე გაუჩერებლად ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს ამბებს.  

ორივე მაგრად მომენატრა. მირიამს რამდენიმე წელია არ შევხმიანებივარ, რიკამ  კი ბერძნულს თავი დაანება და ჰელსინგში ეკონომიკას სწავლობს. ესმესთან ერთად ცხოვრობს. ესმე მწვანე ფერის გველია, რომელიც ყოფილმა შეყვარებულმა დაუტოვა საჩუქრად.  

ეს ფოტოები კი 2000 წელსაა გადაღებული. შავ–თეთრი ფოტო ჩემი გადაღებულია პატრას უნივერსიტეტში, რიკას ფოტოაპარატით (ძალიან ამაყობდა ძველი ფინური ფოტოაპარატით, რომელიც მართლა შესანიშნავ ფოტოებს იღებდა). რიკა თავადაც მიხვდებით რომელია, ქუდით :)

მეორე ფოტოზე კი მე და მირიამი და ორი უზბეკი გოგო ვართ  რესტორანში, რომელსაც ერქვა "სტუდენტური" და ყველაფერი ძალიან იაფი და გემრიელი იყო.  

3 comments:

Sophie שרה Golden комментирует...

lol
ხო, აშკარად :D გველთან ცხოვრობსო :ბრრრრ:

Anonymous комментирует...

es namdvili megobrobaa, roca adamianebs didi xnis shemdegac aqvt ertmanetistvis usitkvod satqmeli. da es sheni istoria megona chemze iko ( pirveli nacili) ... ragac kvela ertad gamaxsenda da dzalian momenatra.....

Anonymous комментирует...

salami :) mshvenieri opusia, didi siamovnebit cavikitxe :) amagam kargad damedzineba nateli mogonebebis tanxlebit :)
erti shenishvna: qartulad belaya vorona, itargmneba rogorc tetri shashvi.
game mshvidovbisa :)