среда, 10 июня 2009 г.

გამოცხადებული თვითმკვლელობა და სინდისის შაბათი




"ბათუმელების" შინაგანაწესის მიხედვით შაბათი დასვენების დღეა, მაგრამ რედაქცია თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მუშაობს. გასულ შაბათს სამსახურში გვიან მოვედი, წინა დღეებიდან შემორჩენილი სამუშაოს დასრულებას ვაპირებდი. დაახლოებით სამ საათზე რედაქციის ხვეული კიბე ხანდაზმულმა მამაკაცმა მხნედ ამოირბინა და ჟურნალისტებთან შეხვედრა ითხოვა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სიამოვნებით მოვუსმენდი.
მითხრა, რომ დილით თვითმკვლელობა სცადა, რადგან უსამართლობის განცდა ჰქონდა, მაგრამ გადაარჩინეს. საკუთარ თავზე ძუნწად საუბრობდა, საავადმყოფოში წაყვანაზე უარი თქვა, კითხვაზე საარსებო თანხა გააჩნდა თუ არა, ნაჩქარევად მიპასუხა, რომ ფული ჰქონდა და არც ღამის გასათევი იყო მისთვის პრობლემა. `თქვენ ამაზე ნუ წუხართ, თქვენ რა უნდა დამეხმაროთ, ამისთვის კი არ მოვსულვარ…~ დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ. მითხრა რომ ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, მისი თვითმკვლელობის მცდელობის გახმაურება უნდოდა, სურდა ყველას გაეგო მისი საქციელის მიზეზი რომ უსამართლობა იყო. საუბრისას თვალები უბრწყინავდა, ემოციურად საუბრობდა, საკუთარ ბედზე არ დაუჩივლია. მერე უცებ წამოდგა, `ბოდიშს გიხდით, რომ შეგაწუხეთო” და კიბეზე ჩქარი ნაბიჯით დაეშვა. კარამდე მივაცილე, ვკითხე სად გნახოთ, რომ სტატია მოვამზადოთქო, სადღაც ვიქნებიო – მითხრა. კარებში მომიბრუნდა და `მე მაინც არ გავჩერდებიო…~ წავიდა.
მისი წასვლისთანავე უცნაური გრძნობა გამიჩნდა, გაურკვევლობის, უმწეობის, ავი წინათგრძნობის… მეორე დღეს გავიგე, რომ ჩემმა რესპოდენტმა ჩემთან საუბრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სხეულზე ნავთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
პირველი რაც გავაკეთე, საავადმყოფოში წავედი. რეამინაციის განყოფილების ექიმს შევხვდი, მითხრეს, რომ მდგომარეობა რთული იყო… ექიმს ტელეფონის ნომერი დავუტოვე და მთელი დღე გონებაში გეგმებს ვაწყობდი, ვფიქრობდი როგორ უნდა დავხმარებოდი, რომელი ორგანიზაციისთვის შეიძლება მიმემართა, რა უნდა გამეკეთებინა… ორშაბათს გავიგე რომ ყველაფერი მორჩა, ჩემი რესპოდენტი რეამინაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.
"შენ რა უნდა გექნაო" - მითხრა რამდენიმე ადამიანმა. ჰო, რა უნდა მექნა, ჟურნალისტი ვიყავი და მოვუსმინე, ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე; რა უნდა ექნათ იმ ექიმებსაც, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ რომ შეეცადნენ მის მკურნალობას, პაციენტმა უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე, მათაც შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა; ან პოლიციელებს რა უნდა ექნათ, დაკითხეს, საბუთებზე ხელი მოაწერინეს და გამოუშვეს… მთელი შაბათი დღე ადამიანი ცდილობდა ვიღაცის ყურადღება მიექცია, იქნებ უნდოდა, რომ შეეჩერებინათ, არ მიეცათ ამის უფლება…
სახლი ორი წლის წინ გაყიდა 12 ათას დოლარად. მითხრა, რომ 3 000 დოლარი ბინის ქირაში დაეხარჯა, მერე ავად გახდა და ხანგძლივად მკურნალობდა. ფული კიდევ მაქვსო – მითხრა, მაგრამ…
ვფიქრობ უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენის ეშინოდა. მიამბო, რომ მთელი ცხოვრობა შრომობდა, 18 წლიდან. "იცი რა ღონიერი ვიყავი?!” – მითხრა, – "კითხვაც ძალიან მიყვარდა”. "სულ გაზეთებით დადიოდაო" - თქვეს მისმა მეზობლებმა, წყნარი, თავაზიანი, პატიოსანი კაცი იყოო.
ეს დღეები სულ გონებაში მიტრიალებს მისი ნაწყენი ხმა: "როგორ, არ გაგიგიათ დილით რომ მთავრობის წინ კაცმა იოდი დალია? რა ვიცი, სულ ცოტა რამეზე იმხელა ამბავს ტეხთ ჟურნალისტები…" მიკროფონის რომ გამოვრთე, მითხრა, კაციშვილი არაა არსად, არ ვიცოდი დღეს თუ შაბათი იყოო…
კი, შაბათი იყო. ზოგ სახლში დასასვენებლად წასვლა ეჩქარებოდა, ზოგს სამუშაოს დასრულება, ზოგსაც რა…